მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო კომპანიების დაწუნებულ ყურძენს სახელმწიფო კომპანია "აკურა" შეიძენს

5d834b1836fce
ელენე გოგბერაშვილი
19.09.19 13:31
2808
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მათ სახელმწიფო კომპანია "აკურას" მისცეს უფლება, პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინოს მათ შორის, დაზიანებული ყურძენი, რომელიც კერძო კომპანიებისთვის არ იქნება საინტერესო.

კითხვაზე, არის თუ არა ეს სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება, დავითაშვილი პასუხობს, რომ სახელმწოფოს "აკურასთვის" ფული არ მიუცია და ეს არის საფინანსო სექტორიდან მიღებული დაფინანსება.

"ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა სახელი დავრქვათ ამას, ჩვენ ამას შეგვიძლია დავარქვათ მათ შორის, სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა და გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობის ელემენტები აქ რა თქმა უნდა, არსებობს იმის გამო, რომ ჩვენი ფერმერების ინტერესები დავიცვათ და ისინი ბედის ანაბარა არ დავტოვოთ.

ჩვენ, იმის მიუხედავად, რომ სუბსიდირების სხვადასხვა ფორმა გამოვიყენეთ ბოლო ბევრი წლის განმავლობაში, გამოვედით პირდაპირი ფასის სუბსიდირების რეჟიმიდან, ჩვენი მოსახლეობა და ფერმერები, მათ შორის ყურძნის ჩამბარებელი ფერმერები, მწარმოებლები, მევენახეები არ დაგვიტოვებია ბედის ანაბარა. ჩვენ ეს პასუხისმგებლობა ყოველთვის მოგვყვება.

აქედან გამომდინარე, წელსაც ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით იმისთვის, რომ მათი მოსავალი დავაბინავოთ და ეს არ ეხება მხოლოდ ყურძნის მწარმოებელ ფერმერებს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მალფუჭებად პროდუქტზე, იქ სახელმწიფო აკეთებს ინტერვენციას და ეს არის ზუსტად დაბალანსებული სოციალური პოლიტიკის და პასუხისმგებლობის შედეგი.
ამ შემთხვევაში ოპერაციებს აწარმოებს სახელმწიფო კომპანია. რა თქმა უნდა, ის ამ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც სამინისტრო განუსაზღვრავს.

თანხები, რომელზეც საუბარია, ეს არის კერძო კომერციული კრედიტები. ეს არის კომერციული ბანკიდან, კომერციული პროცენტით აღებული კრედიტები, ამიტომ მათი ოპერაციები შეიძლება იყოს ისეთი, რომ მათ მოახერხონ მათ შორის მოგების მიღება. ეს გამოჩნდება მათ შორის იმის მიხედვით, როგორი იქნება საერთაშორისო კონიუნქტურა ღვინომასალებზე 2019 წლის მოსავლის შედეგად.

ნოემბერში დგება ხოლმე ძირითადად ჩამოსასხმელ ღვინოებზე და სპირტიან სასმელებზე ფასები, დაველოდოთ როგორი იქნება კონიუნქტურა.

ძალიან რთულია თქმა, როგორი იქნება ოპერაციების შედეგი, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ფული არ ჩაუდია, მაგრამ სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, გამოიყენა ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ ჩაუბარებელი ყურძენი ჩვენს ფერმერებს არ დარჩეთ", - განმარტა მინისტრმა.