მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო კომპანიის მართვის სტანდარტის დანერგვა 52 სახელმწიფო საწარმოში იგეგმება - დეპუტატი

604f7bc92ae32
ელენე გოგბერაშვილი
21.03.21 15:00
1194
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 352 სახელმწიფო საწარმოა. აქედან 173 ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, 179 კი - ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში. ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით სახელმწიფო საწარმოებში 37 142 ადამიანი იყო დასაქმებული. მათ შორის ყველაზე მეტ - 12 476 პირს „საქართველოს რკინიგზა“ ასაქმებს. მოგება-ზარალის ანგარიშგების მიხედვით, სახელმწიფო საწარმოების (მარაბდა-კარწახის რკინიგზის ჩათვლით) შემოსავალი 2019 წელს - 3,2 მლრდ ლარი, ხარჯი კი 3,4 მლრდ ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს გადაიდგა; საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით შემუშავდა რეფორმის კონცეფციაც.

„გარდა იმისა, რომ სახელმწიფო არ უნდა ფლობდეს ისეთ საწარმოებს, სადაც მისი წილი ეფექტიანი არ არის ან ზარალიანია, ამ სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებები გარკვეულწილად განიხილება როგორც საჯარო ვალდებულებები ანუ ბიუჯეტის ვალდებულებები და ისინი ქმნიან გარკვეულ ფისკალურ რისკებს, როცა ეს ვალდებულებები იზრდება და მისი მართვის მექანიზმები არ არის სრულფასოვანი. ამიტომ გადაწყდა და გიორგი გახარიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტიროებთან კონსულტაციებით, რომ ფართომასშტაბიანი რეფორმა განხორციელებულიყო“, - აცხადებს bm.ge-ისთან დეპუტატი ბექა ლილუაშვილი.

ყოფილი პრემიერის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველის თქმით, რეფორმის კონცეპტუალური ნაწილი ითვალისწინებს ფინანსურად არამომგებიანი საწარმოების ლიკვიდაციას, ასევე იმ საწარმოების წილის გასხივსებას, სადაც სახელმწიფო არ არის მნიშვნელოვანი წილით წარმოდგენილი და რაც მთავარია, დაიგეგმა მსხვილი საწარმოების და ასეთი 52 სახელმწიფო კომპანიაა, კერძო კომპანიის მართვის სტანდარტზე გადაყვანა, რათა ისინი კომერციულ სარგებელზე ორიენტირებულები გახდნენ.

"ეს არის მსხვილი სახელმწიფო საწარმოების ე.წ კორპორატიზაცია ანუ მათ მმართველობაში კერძო კორპორაციული სტანდარტის, კერძო კომპანიის მართვის სტანდარტების დანერგვა. ისინი უნდა გახდნენ კომერციულ სარგებელზე ორიენტირებული ორგანიზაციები, რაც ხშირად არ ახასიათებთ სახელმწიფო საწარმოებს და ჩვენი გათვლებით, ამ რეფორმის  ეფექტი მშპ-ის, დაახლოებით, 1,5-2 პროცენტული პუნქტით ზრდაა.

პირველ ეტაპზე 52 სახელმწიფო კომპანიაზეა საუბარი, დაწყებული "საქართველოს რკინიგზიდან", დამთავრებული "საქართველოს მელიორაციის" სამსახურამდე, ეს არიან ის კომპანიები, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ განიცადონ კორპორატიზაცია და იქ დაინერგოს კომერციული მართვის სტანდარტები“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

როგორი პოლიტიკა ექნება ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობას სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებით, კონკრეტულად უცნობია, თუმცა რეფორმას, რომელიც მისმა წინამორბედმა გიორგი გახარიამ დაიწყო, როგორც ეს ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე დაანონსდა, ღარიბაშვილის მთავრობაც გააგრძელებს. შეიქმნება რეფორმირების საბჭო, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმის დანერგვას ყველა ეტაპზე.

"საქართველოში სახელმწიფო საწარმოებს აქვთ პოტენციალი, რომ შეასრულონ საკმარისი როლი ეკონომიკის განვითარებაში და ვფიქრობთ, რეფორმა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ სახელმწიფო საწარმოთა ეფექტიანობის ზრდას, ამით კი ხელი შეეწყობა ეკონომიკურ აქტივობაში მათი წვლილის გაზრდას, ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და ფისკალური რისკების შემცირებას“, - განაცხადა 25 თებერვლის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

როდის დაკომპლექტდება და ვინ შევა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საბჭოში, ამ ეტაპზე უცნობია (ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსგან bm.ge-მ ვერ მიიღო), თუმცა გიორგი გახარიას პრემიერობის დროს შემუშავებული კონცეფციის თანახმად, სამუშაო ჯგუფში, რომელსაც რეფორმის სტრატეგია უნდა შეემუშავებინა, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და კერძო სექტორის წარმომადგენლები უნდა შესულიყვნენ.