24.ოქტომბერი .2021 15:00

კერძო სექტორი და მოსახლეობაც უნდა შეეჩვიოს ელექტროენერგიის რეალურ ფასს – გიორგი აბრამიშვილი

კერძო სექტორი და მოსახლეობაც უნდა შეეჩვიოს ელექტროენერგიის რეალურ ფასს – გიორგი აბრამიშვილი
views 658
უკან

მომავალი წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთავრობა სავარაუდოდ, მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფების კომუნალურ ხარჯებს დააფინანსებს. როგორც BMG–სთან საუბრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, მოსახლეობის ყველა ფენისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება მიზანშეწონილი არ არის.

რამდენად მზად არის მოსახლეობა და კერძო სექტორი ელექტროენერგიის ტარიფის რეალური მოცულობა, სუბსიდირების გარეშე იტვირთოს, ამ კითხვით BMG–მ საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი აბრამიშვილს მიმართა.

"მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი ფასწარმოქმნა ძალიან მნიშვნელოვანია და ეტაპობრივად, კერძო სექტორი და მოსახლეობაც ამას უნდა შეეჩვიოს, თუმცა მე იმას მივემხრობოდი, რომ სოციალურად დაუცველ ფენებს სახელმწიფომ მაინც სუბსიდირება გაუკეთოს. კერძო სექტორი და ბიზნესი კი დანამდვილებით უნდა შეეჩვიოს ამას (ელექტროენერგიის რეალურ ფასს) და უნდა დაინახოს ჩვენმა მოსახლეობამ, საბოლოო ჯამში რა არის სამართლიანი ფასი, რა ჯდება ერთი კილოვატი ელექტროენერგიის წარმოება და მერე შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ენერგოპოლიტიკაც უფრო სწორად აეწყობა და საბოლოო ჯამში, ყველასთვის უფრო გასაგები გახდება, რა დგას ამ ფასის უკან.

ზუსტად მაგ მიმართულებით მიდის ის, რომ ბირჟა ჩამოყალიბდეს და სამართლიანი ფასი იყოს ყველასთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიმართულებაა, რომ პირველ რიგში, კერძო სექტორმა დაინახოს და გაიაზროს ეს და შემდეგ – ეტაპობრივად მოსახლეობამ", – განაცხადა აბრამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებაზე სახელმწიფომ 41.9 მილიონი ლარი დახარჯა. ამის შესახებ BMG-ს ინფორმაცია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიიდან მიაწოდეს.

კერძოდ, დედაქალაქში საყოფაცხოვრებო მომხმარებლის დენის გადასახადის სუბსიდიამ 13 მლნ ლარი შეადგინა, მეწარმე სუბიექტების კი – 2.7 მლნ ლარი.

რაც შეეხება რეგიონებს, აქ საყოფაცხოვრებო სექტორს ელექტროენერგიის ხარჯის დასაფარად სახელმწიფო 22.4 მლნ ლარით დაეხმარა, მეწარმეებს – 3.8 მლნ ლარით.

საერთო ჯამში, 2021 წლის რვა თვეში, ფიზიკური აბონენტებისთვის დენის გაზრდილ ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირებისთვის 35.4 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო მეწარმე სუბიექტების სუბსიდირება 6.5 მლნ ლარი დაჯდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა