29.ივლისი .2020 00:10

კერძო სკოლაში ბავშვის სწავლება ოჯახის შემოსავლის საშუალოდ 25%-ს მოითხოვს - Galt&Taggart

views 452
უკან

კერძო განათლება საქართველოში ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის, – ამის შესახებ ნათქვამია საგანმანათლებლო სისტემის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევაში.

კვლევის მიხედვით, კერძო სკოლაში ერთი ბავშვის სწავლება ოჯახის შემოსავლის საშუალოდ 25%-ს მოითხოვს. ავტორების მოსაზრებით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და შინამეურნეობების შემოსავლების ზრდასთან ერთად კი კერძო სკოლები უფრო ხელმისაწვდომი გახდება ქართველი მოსახლეობისთვის.

„ურბანიზაცია ხელს უწყობს კერძო სკოლებში ჩარიცხვის ზრდას, რადგან ქალაქებში მოსახლეობის შემოსავლები შედარებით მაღალია და გადახდისუნარიანი მოსახლეობაც უფრო მრავალრიცხოვანია.

თბილისი, ბათუმი და ქუთაისი ყველაზე მიმზიდველი ბაზრებია კერძო სკოლებისთვის, შესაბამისად 18.6%, 19.8% და 11.9% კერძო ჩარიცხვების წილით, 2019 წლის მონაცემებით.

ურბანიზაციის ზრდით მოსალოდნელია, რომ კერძო სკოლებზე მოთხოვნა გაიზრდება და 2024 წლისთვის მოსწავლეთა რაოდენობა 73.2 ათასს მიაღწევს (ჯამური რაოდენობის 11.5%). ბოლო წლების ზრდის მიუხედავად, საქართველოში კერძო ზოგადი განათლება ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა“, – აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში კერძო სკოლების უმეტესობა წარმოადგენს ოჯახურ ბიზნესს და/ან იმართება მასწავლებლების მიერ. კორპორატიზაციის ნაკლებობა კი ზღუდავს ფინანსურ რესურსებზე წვდომას, აფერხებს ზრდას და სექტორში M&A აქტივობას.

აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლის საშუალო ზომა 169-დან 277 მოსწავლემდე გაიზარდა 2009-19 წლებში, თუმცა კვლავ ჩამორჩება საჯარო სკოლების საშუალო ზომას საქართველოს დიდ ქალაქებში.

Galt&Taggart-ის კვლევაში წერია, რომ მხოლოდ 8 კერძო სკოლას ჰყავს 1,000-ზე მეტი მოსწავლე და ეს 8 სკოლა ბაზრის მხოლოდ 15.2%-ს შეადგენს. სკოლების 64.3%-ს 250-ზე ნაკლები მოსწავლე ჰყავს, რაც სექტორში კონსოლიდაციის შესაძლებლობაზე მიუთითებს. შესაბამისად, მოსალოდნელია M&A აქტივობის ზრდა, რაც ხელს შეუწყობს მასშტაბის ეკონომიის მიღწევას რეპუტაციის მოპოვების ხანგრძლივი პროცესის გამოტოვებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა