19.ივნისი .2021 09:30

„კეთილი და პატიოსანი“ ჩამომსხმელი საწარმოს ამოქმედებას გეგმავს

„კეთილი და პატიოსანი“ ჩამომსხმელი საწარმოს ამოქმედებას გეგმავს
views 495
უკან

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 2014 წელს კომპანია „ქართულმა აგრო პროდუქტმა“ სამაცივრე მეურნეობა აამოქმედა, რომელიც 2017 წლიდან ხილფაფებსაც აწარმოებს. პანდემიის პერიოდში კომპანიას განვითარება არ შეუწყვეტია და 2020 წლის აგვისტოში ახალი პროდუქტის - დასალევი ხილ-ბოსტნეულის წარმოება და რეალიზება დაიწყო. „კეთილი და პატიოსანის“ ბრენდით კომპანია დღეს 6 დასახელების დასალევ ხილ-ბოსტნეულს აწარმოებს და „ნიკორაში“, „გუდვილსა“ და „ევროპროდუქტში“ ყიდის.

საწარმოს ასამოქმედებლად კომპანიამ ჯამში 4.6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 600 000 ლარიანი გრანტი სოფლის განვითარების სააგენტომ გამოუყო, 1.5 მლნ ლარი კი შეღავათიანი აგროკრედიტი იყო.

კომპანიის დირექტორი გიორგი ახალაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ კომპანია მიმდინარე წელს წარმოების გაფართოებას გეგმავს.

„2017 წელს დამატეთ და გავხსენით ატმის, ვაშლატამას, ვაშლის, ქლიავის, ღოღნაშოს, ტყემლის, ფეიხოას, მარწყვის ხილფაფის წარმოება. ეს არის ნედლეული, რომელიც სხვადასხვა საბოლოო პროდუქტის საწარმოებლადაა საჭირო. ამ ხილფაფებს ყიდულობენ მწარმოებლები და ტყემლებს და წვენებს აკეთებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ნედლეულის ხარისხი ვიცოდით, ახალი პროდუქტის - დასალევი ხილ-ბოსტნეულის წარმოების დაწყება გადავწყვიტეთ. ამ დროისთვის 6 სხვადასხვა დასახელების პროდუქტი გვაქვს და ახლო მომავალში 3 დასახელების პროდუქტის დამატებას ვგეგმავთ.

ხილფაფების საწარმოში იტალიური დანადგარებით 1 საათში 3 000 კგ ხილის გადამუშევება ხდება. 2017 წლიდან ჯამში 1 500 ტონა გვაქვს ნაწარმოები და დღეს მომხმარებლისთვის უკვე მზა პროდუქტის შეთავაზება შეგვიძლია“, - განმარტავს კომპანიის დირექტორი.

გიორგი ახალაძის ინფორმაციით, დღეისთვის „კეთილი და პატიოსანი“ აუთსორსზე იწარმოება, თუმცა 2021 წლის ბოლომდე კომპანია ჩუმლაყში სამაცივრე და საწარმოო მეურნეობასთან ერთად ახალი საწარმოო ხაზის ამოქმედებას გეგმავს, რაც კომპანიას ახალი დასახელების დასალევი ხილ-ბოსტნეულის წარმოების საშუალებას მისცემს.

„წარმოების მოცულობებისა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებასთან ერთად საჭირო გახდა ახალი ჩამომსხმელი წარმოების ამოქმედება. პროექტის ჯამური ღირებულება 0.5 მლნ ევროა. ჩამომსხმელი საწარმოს პროექტის დამუშავების პროექტთან მიმართებით სალიზინგო კომპანიის ნაწილში გავიგეთ, რომ შეგვიძლია „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსების პროგრამით ვისარგებლოთ და ამ შესაძლებლობის გამოყენებას ვაპირებთ.

წარმოების ამოქმედებამდე კი ძალიან მალე ვაშლი-მარწყვი-ჩიას დასახელების დასალევ ხილ-ბოსტანს ჩავუშვებთ გაყიდვაში. დღეისთვის ვაშლი-კივი-ჩია გვაქვს, რომელიც ძალიან მოთხოვნადია და ამიტომ წარმოებაში ჩიას მიმართულების განვითარება გვინდა, შემდეგ იქნება ვაშლი და გოგრა და უკვე ზამთრისკენ ერთ-ერთ ნარევში მანდარინის გამოყენებას ვგეგმავთ. რეცეპტურაზე მუშაობა მიმდინარეობს", - აღნიშნავს გიორგი ახალაძე და დასძენს, რომ დღეისთვის კომპანია ხილს თითქმის მთელი საქართველოდან იბარებს და წარმოებაში 16 ადამიანს ასაქმებს, ხოლო სეზონზე დასაქმებულების რაოდენობა 20-ით იზრდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა