მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კითხვა ჩნდება - 10%-იანი ეკონომიკური ზრდა რამდენად მდგრადი შეიძლება იყოს?! - EBRD საქართველოზე

636b65e59a4a1
მარიამ ვარადაშვილი
09.11.22 12:42
765
EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი ამბობს, რომ რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, რთულია, ამ ეტაპზე იმის თქმა, რამდენად მდგრადია ეკონომიკური ზრდა.

რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ ბოლო ცხრა თვეში 10%-ს გადააჭარბა.

“მიმდინარე წელს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და არ მგონია, რომ ვინმე ელოდა, თუმცა კითხვა ჩნდება - ეს ზრდა რამდენად მდგრადი შეიძლება იყოს. ვფიქრობ, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება, თუმცა ზუსტად რიცხვების თქმა რთულია. რამდენიმე მიზეზია, რაც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. რა თქმა უნდა, ხალხის შემოსვლა [მიგრაცია], თუმცა ასევე არის შუა დერეფანი, რომელიც დღეს უფრო აქტიურია, ვიდრე აქამდე ყოფილა, ასევე, ვაჭრობა. საქართველო ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და მის გარშემო ქვეყნებშიც არის მაღალი ზრდა. ჩვენ არ ვიცით, რამდენად მდგრადია ეს ეკონომიკური ზრდა, რადგან რთულია იმის თქმა, რა მოხდება ამ წელს. ჩვენი პროგნოზით, მომავალ წელს, შესაძლოა, იყოს 5%-იანი ზრდა, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მოულოდნელი რამ მოხდეს რეგიონში. ამიტომ, ზუსტი რიცხვის დასახელება რთულია ”, - აცხადებს ის.

მან ასევე ისაუბრა ლოგისტიკის სექტორზე და თქვა, რომ მნიშვნელოვანია ამ სექტორის განვითარება, რათა ქვეყანამ შუა დერეფნისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

“ვხედავთ ლოგისტიკის მიმართულებით გაზრდილ ინტერესს დასაწყობებაში, პორტებსა და გზებში. კერძო სექტორს ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების დიდი ინტერესი აქვს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ლოგისტიკა სწრაფად განვითარდეს, რათა შუა კორიდორისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. ასევე მნიშვნელოვანია, ენერგოუსაფრთხოების სწრაფად მიღწევა და განახლებად ენერგიებში ინვესტირება”, - უთხრა მან ჟურნალისტებს.