მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კითხვაა - 10 შემთხვევაზე რატომ იყო „ლოქდაუნი“ და 150-ზე რატომ არ არის?" - გამყრელიძის პასუხი

5f608368a9f97
თათია ჩაფიჩაძე
15.09.20 13:03
6141
"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ შეფასებით, დღეს ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით გაცილებით მომზადებული და ძლიერია.

როგორც GHG-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ bm.ge-ისთან საუბრისას განაცხადა, გაზაფხულიდან დღემდე მათ ქსელში გაერთიანებული კლინიკებიდან covid-უსაფრთხოების პროტოკოლი 5,400-მა მედპერსონალმა გაიარა. გარდა ამისა, მისი თქმით, ქვეყანაში ტესტების, ეკიპირების და ინვენტარის დეფიციტი აღარაა. რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ დღეისათვის მათი ჯგუფის ქვეშ მოქმედი კლინიკებიდან კოვიდ-პაციენტებისთვის 700 საწოლია გამოთავისუფლებული, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამ რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის რესურსი არსებობს.

„ისმის კითხვა - 10 შემთხვევაზე რატომ იყო „ლოქდაუნი“ და დღეს 150-ზე რატომ არ არის? ჩემი აზრით, ამის ახსნაა ის, რომ აპრილსა და მაისში ჩვენ ძალიან ცოტა ვიცოდით ამ დაავადების და მისი მართვის შესახებ. ჩვენს კომპანიაზე რომ გესაუბროთ როგორც სამედიცინო სერვისების ყველაზე დიდ მიმწოდებელზე, დღეს ჩვენს კლინიკებში სრულიად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე რამდენიმე თვის წინ:  

პირველი - 31 აგვისტოს მდგომარეობით, 5400 ექიმი, ექთანი და ადმინისტრაციული პერსონალი გადამზადდა 30 სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, მომზადების დონე დღეს გაცილებით დიდია.

მეორე - რაც მნიშვნელოვანია და მართვას ართულებდა, იყო პერსონალური დაცვის საშუალებების დეფიციტი, დღეს ეს არ არსებობს, მოწოდების კუთხითაც არ არის პრობლემა.

მესამე - იყო შეფერხება სამედიცინო მასალების და ინვენტარების მოწოდების მხრივ, რაც ასევე მოგვარებულია.

მეოთხე - ეს არის ტესტირების რაოდენობა. ამაზე ბევრს ვსაუბრობთ რატომ კეთდებოდა მაშინ 1000 ტესტი და დღეს - 10 000, იმიტომ რომ მეტს ვერ ვაკეთებდით. დღეს მარტო ჩვენი ლაბორატორია აკეთებს დღეში 1500 ტესტს, მაშინ როცა ივლისში სრული დატვირთვით 200-სს ვერ ვცდებოდით.

ტექნოლოგიები შევცვალეთ, რასაც დრო სჭირდებოდა. რას ნიშნავს ეს - ქუთაისში, ჩვენს ერთ-ერთ საავადმყოფოში 3 დღის წინ რეანიმატოლოგს დაუფიქსირდა კოვიდი, რომელსაც 300 კონტაქტი ჰქონდა. 300 კონტაქტი დავტესტეთ 16 საათში და კლინიკამ მეორე დღეს აღადგინა მუშაობა. ეს რომ დაგვმართნოდა გაზაფხულზე, კლინიკის პარალიზება მოხდებოდა“, - აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე.

რაც შეეხება საწოლ-ფონდს, მისი თქმით, ინფიცირების არსებული ტემპით ზრდას ქვეყანა უპრობლემოდ გაუმკლავდება. „ჩვენ გამოვყავით 700 საწოლი, რომელიც სტარტიდან 48 საათში შეგვიძლია გადავაკეთოთ სრულყოფილ კოვიდ-ცენტრებად, შესაბამისი აღჭურვილობით ანუ პრემიერის მიერ მოთხოვნილი 3200 საწოლიდან 20% იქნება ჩვენი. სულ ჩვენ ვმართავთ 3 300 საწოლს; საჭიროების შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია გამოვყოთ დამატებითი რესურსი”, - აღნიშნა GHG-ის დირექტორმა.