მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკა "ჰელსიკორის" დირექტორის განცხადებით, თანამშრომელთა ხელფასები 20%-ით შემცირდა

5e2ef5fd8f188
ინგა მურუსიძე
27.01.20 21:00
3109
კლინიკა „ჰელსიკორის“ დირექტორის, რუსუდან ლაგვილავას განცხადებით, თანამშრომელთა ხელფასები 20%-ით შემცირდა. როგორც ლაგვილავამ bm.ge-ს განუცხადა, ექიმებს ვითარების გამოსწორების არანაირი იმედი არ აქვთ.

ამასთან, რუსუდან ლაგვილავა გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ექიმების და ექთნების ხელფასების შემცირება 520-ე დადგენილებასთან არანაირ კავშირში არ არის და თუ კლინიკები ხელფასებს შეამცირებენ, ეს კითხვის ნიშნებს გააჩენს.

„საიდან უნდა გავცეთ ხელფასები? უნდა აგვერჩია, ეკონომია უნდა გაგვეკეთებინა მასალებზე, ან უნდა დაგვეკლო ხელფასები. ჩვენ ავირჩიეთ ხელფასების დაკლება, რომ პაციენტები არ დაგვეზარალებინა. ეს რა პასუხია ვერ გეტყვით. ჩვენ შევიმცირეთ ხელფასი და არ დავაზარალეთ პაციენტები, პირიქით, სამადლობელი უნდა იყოს სამინისტროს მხრიდან. უხარისხო მასალების მიწოდებას პაციენტისთვის ვამჯობინეთ ხელფასების დაკლება“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ ექიმებმა ვერ წარადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომ 520-ე დადგენილებაში რაიმე პუნქტი შეცვლილიყო, ლაგვილავა პასუხობს:

„რაზეა საუბარი არ მესმის. ინვოისები გვაქვს წარდგენილი, სადაც აღწერილია, რომ მასალები გაცილებით ძვირია, ვიდრე წარმოდგენილია მათ ტარიფებში. არსად არ არის ექიმის ხელფასი გათვალისწინებული. რა მტკიცებულებების წარდგენაზეა საერთოდ საუბარი? უდევთ ინვოისები, ყველამ ყველაფერი მივაწოდეთ. იმ ტარიფით მასალასაც კი ვერ ვყიდულობთ, კომუნალურებზე და ხელფასებზე საერთოდ აღარ არის საუბარი. კლინიკა „ჰელსიკორში“ ამ დრომდე კეთდებოდა აორტალური სარქველის შეცვლის ოპერაცია, რომელიც 71 ათასი ლარი ჯდება. მხოლოდ სარქველის ღირებულება არის 22 000 დოლარი. სამინისტრომ ეს ოპერაცია 12 ათას ლარად განაფასა და თან გვეუბნებიან, რომ პაციენტს არ დაამატოთო. ეს ნიშნავს, რომ უნდა გავაკეთოთ ოპერაცია. მე პირადად ავუხსენი ეს სიტუაცია თამარ გაბუანიას, იქვე დაავალა ვიღაცას შევისწავლოთო და პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. უკვე ორი თვე გავიდა.

ეს არის ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს სარქველის გამოცვლას ოპერაციის გარეშე და რომელსაც იკეთებენ პაციენტები ბევრი თანმხლები დაავადებით. 12 ასეთი ოპერაცია გვაქვს უკვე საქართველოში გაკეთებული, მაგრამ ახლა გველოდება ორი პაციენტი, რომელსაც ვეუბნებით, რომ ვერ გავუკეთებთ ოპერაციას“.

ექიმი სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავს და ამბობს, რომ „უკვე არაფერს აქვს აზრი. პაციენტები ზარალდებიან“.

„მე პირადად გამოსავალს ვერაფერში ვხედავ. ამ პროცედურებს უნდა დავანებოთ ალბათ თავი და დაზარალდებიან პაციენტები“, - ამბობს ლაგვილავა.