18.აპრილი .2022 16:00

კლინიკა, რომელიც covid-პაციენტს არ მიიღებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება

კლინიკა, რომელიც covid-პაციენტს არ მიიღებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება
views 864
უკან

საქართველოს მთავრობამ 29 მარტის 157-ე დადგენილებით „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა და კერძო კლინიკებს კოვიდ-პაციენტების მომსახურება დაავალდებულა. 

ცვლილების შედეგად, პროგრამაში მონაწილე ნებისმიერი სტაციონარული დაწესებულება ვალდებული ხდება, ქვეყანაში COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და მზადყოფნისათვის, ჯანდაცვის სამინისტროს მითითება შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარს მიმწოდებლის სტატუსი სრულად ან ნაწილობრივ შეუჩერდება.

ცვლილებებზე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კერძო კლინიკების ჩართულობის საკითხს წყვეტს, გადაცემა Forbes Health-ში ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა ისაუბრა და განმარტა, რომ ზოგიერთი კლინიკას, ვიწრო სპეციალიზაციის გამო, შესაძლოა, ასეთი პაციენტების მართვის უნარი არ ჰქონდეს.

BM.GE-მ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს ჰკითხა, რატომ გაჩნდა დადგენილებაში ეს ჩანაწერი და რატომ „მიაბა“ უწყებამ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას კოვიდ-პაციენტების მიღების ვალდებულება.

ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, „არაფერს არაფერი არ მიაბეს“, არამედ ეს ჩანაწერი დადგენილებაში სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გაჩნდა.

„ამ 2-წლიანი გამოცდილებით საკმაოდ ბევრი ხარვეზი და პრობლემა დავინახეთ. აქედან გამომდინარე იყო ის ჩანაწერი, რაც გაკეთდა. ჩანაწერის მიხედვით, მსოფლიოში და საქართველოში პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ყველა სამედიცინო დაწესებულება, ისევე როგორც ომის დროს, ვალდებულია გვერდში დაუდგეს ქვეყანას, დაუდგეს ნებისმიერ თანამოქალაქეს, ამ ჩანაწერით უბრალოდ ვთხოვეთ... მათი პასუხისმგებლობაც არის, როდესაც პაციენტი სამკურნალოდ მივა მას უმკურნალონ. იმ ჩანაწერში სხვა არაფერია არ არის. სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი დაწესებულება უარს ეუბნებოდა მკურნალობაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, რატომ აკისრებს სახელმწიფო კერძო კლინიკებს ამ ვალდებულებას, მაშინ როდესაც სახელმწიფო საავადმყოფოებიც არსებობენ, მინისტრმა უპასუხა, რომ „სახელმწიფო კლინიკები რასაკვირველია ჩაერთვებიან, მაგრამ აქ მეტი სახელმწიფოებრივი მიდგომაა საჭირო და ამის ჩაწერა მოხდა ამ დადგენილებაში. ჩვენ ვეუბნებით, რომ როდესაც პანდემია გამოცხადდება ქვეყანაში, ვალდებულნი იქნებიან ამ პაციენტებს მოემსახურონ და სახელმწიფო ამ ხარჯებს დაფარავს“.

ამასთან დამატებით კითხვაზე, ამ ცვლილების შედეგად, ხომ არ ცდილობს სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკების რაოდენობის შემცირებას, მინისტრმა თქვა, რომ ვალდებულების მიუხედავად კლინიკებს შეუძლიათ ორივე პროგრამით ისარგებლონ.

„პარალელურად შეუძლიათ ორივე პროგრამაში იყვნენ. ამ ორი წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ ზოგიერთი კლინიკა სრულად იყო გადართული, ზოგიერთი ჰიბრიდულ რეჟიმში იყო და იღებდა როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე კოვიდ პაციენტებს. აქედან გამომდინარე, პრობლემას ვერ ვხედავ“, - უპასუხა BM.GE-ის აზარაშვილმა.