28.დეკემბერი .2020 21:24

კლინიკები მინისტრს - "ლარის გაუფასურების პირობებში ოპერაციას თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ვაკეთებთ"

კლინიკები მინისტრს - "ლარის გაუფასურების პირობებში ოპერაციას თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ვაკეთებთ"
views 778
უკან

ჯანდაცვის მინისტრმა დღეს 2020 წელი შეაჯამა და უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ამ ჭრილში მინისტრს არ გამორჩენია 520-ე დადგენილება, რომელმაც კლინიკებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობენ, ახალი ტარიფები განუსაზღვრა. სამედიცინო დაწესებულებები არ ეთანხმებოდნენ სამინისტროს პოლიტიკას და აცხადებნენ, რომ მთავრობის შემოთავაზებული თანხები ძალიან დაბალია, შესაბამისად, ამ ტარიფებით ისინი ოპერაციების ჩატარებას ვერ შეძლებდნენ. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ სწორედ 520-ე დადგენილებამ განაპირობა, რომ შემცირებულია პაციენტების ჯიბიდან გადახდები და საბიუჯეტო ხარჯები.

კლინიკების ნაწილი ამბობს, საბიუჯეტო ხარჯების შემცირება არა 520-ე დადგენილებამ, არამედ უფრო სხვა ფაქტორებმა განაპირობა. მათი თქმით, ერთი მხრივ, შეჩერებულია სახელმწიფოს მხრიდან გეგმური ოპერაციების დაფინანსება. მეორე მხრივ, ზოგადად შემცირებულია პაციენტების მიმართვიანობა, რაც ძირითადად კოვიდ-19-ის გავლენაა და არა 520-ე დადგენილების.

“ზოგადად 520-ე დადგენილების მიმართ სამედიცინო საზოგადოებას პოზიტიური დამოკიდებულება არ ჰქონია, რადგან შემცირდა ფასები/სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურება ჩატარებული ოპერაციებისთვის.

იმ პირობებში კი, როცა ლარი უფასურდება, გამოდის, რომ თვითღირებულებაზე ნაკლებს ვღებულობთ ჩატარებულ ოპერაციებში”,- აცხადებს კლინიკა “ჰელსიკორის” ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი გოგორიშვილი.

იმავე აზრზეა საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის თავმჯდომარე კახა ეცადაშვილი. ის ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოსახლეობის მიმართვიანობა ისედაც დაკლებულია, პლუს, სახელმწიფოს მიერ გეგმური ოპერაციების დაფინანსება შეჩერებული იყო, შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ სახელმწიფოს ხარჯები დაიზოგა.

კახა ეცადაშვილის თქმით, ის, რომ 520-ე დადგენილებაში დეფიბრილატორების ფასი თავიდანვე არასწორად იყო გაწერილი, დადასტურდა 2020 წლის დასაწყისშივე, როდესაც სამედიცინო კლინიკები პრემიერს შეხვდნენ. გულის რიტმის ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ იანვარშივე გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, დეფიბრილატორების ფასებისთვის გადაეხედა, თუმცა, ამას ერთი წელი დასჭირდა. საბოლოოდ კი თავად სამინისტრომ გადაწყვიტა დეფიბრილატორების შეძენა და კლინიკებისთვის გადაცემა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა