მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კლინიკების ნაწილი ფინანსურ კრიზისშია”-კალოიანი DRG-ის შედეგებზე

6419ceee465d9
ანუკა ჯოხაძე
21.03.23 23:45
757
ბოლო პერიოდში სამედიცინო სექტორისთვის თამაშიც წესები ხშირად იცვლება. ერთ-ერთი ბოლო DRG მეთოდის შემოღება იყო, რომელსაც მისი ამოქმედებიდან მალევე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. როგორც მაშინ დარგის წარმომადგენლების აცხადებდნენ, ტარიფები განსაკუთრებით ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით შემცირდა, რაც ევროპული ხარისხის იმპლანტის თვითღირებულებასაც კი ვერ ფარავდა. შედეგად ექიმების ნაწილი დაბალი ხარისხის მასალის გამოყენებაზე და ოპერაციების ჩატარებაზე უარს ამბობდა.

სექტორი ამ დრომდე სამინისტროსგან შესაბამისი გადაწყვეტილებების მოლოდინშია. „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ კლინიკებმა ოპერაციების ჩატარება შემოსავლების შემცირების ხარჯზე მაინც განაგრძეს, თუმცა რესურსი ამოწურვადია, შესაბამისად მისი თქმით, კლინიკების ნაწილში ფინანსური კრიზისი დაიწყო.

“ყველა პასუხისმგებლობიანი კლინიკა რეალურად საკუთარი შემოსავლის ხარჯზე ახერხებს, რომ ხარისხი შეინარჩუნოს, რაც აუცილებელია პაციენტის უსაფრთხოებისთვის და ჯანმრთელობისთვის. თუმცა ეს რესურსი ამოწურვადია და კრიზისი გარკვეულ კლინიკებს უკვე დაუდგათ და ეხლა ეს კრიზისი სამწუხაროდ მოიმატებს,”-აცხადებს ვახტანგ კალოიანი.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი BM.GE-თან გამოსავლის გზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამ მოდელის თავდაპირველი იერსახით შენარჩუნება და სისტემაში კერძო დაზღვევის როლის გაძლიერება.

“DRG უნდა გახდეს რეალური DRG. უნდა იყოს სახელმწიფოს და კლინიკებს შორის ურთიერთობის ის ფორმა, რაც აპრობირებულია და კარგი შედეგი აქვს. მნიშვნელოვანია კერძო სადაზღვევო სისტემის აქტიური ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვის უზრუნველყოფაში.

ამ რესურსის გამოყენების გარეშე, დაზღვევით სტიმულაციის გარეშე ვერცერთი სახელმწიფო და მითუმეტეს ჩვენნაირი სახელმწიფო ვერ აუვა იმ გამოწვევებს, რაც მრავლად გვაქვს ჯანდაცვაში,”-ამბობს კალოიანი.

როგორც ცნობილია, DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის იხდის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება 1 იანვრიდან სწორედ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით ხდება.