მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კლინიკებისა და სახელმწიფოს ჭიდილმა შესაძლოა კვალიფიციური ექიმები დაგვაკარგვინოს”- სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება

641afecee667e
ანუკა ჯოხაძე
22.03.23 00:40
953
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება 1 იანვრიდან სწორედ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით ხდება.

მოდელის შემოღებას მალევე მოჰყვა სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული შეფასებები. როგორც დარგის წარმომადგენლები აცხადებდნენ, ტარიფები განსაკუთრებით ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით შემცირდა, რაც ევროპული ხარისხის იმპლანტის თვითღირებულებასაც კი ვერ ფარავდა. შედეგად ექიმების ნაწილი დაბალი ხარისხის მასალის გამოყენებაზე და ოპერაციების ჩატარებაზე უარს ამბობდა. სექტორი ამ დრომდე სამინისტროსგან შესაბამისი გადაწყვეტილებების მოლოდინშია.

შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს სამედიცინო ასოციაციის გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე, რომელიც ამბობს, რომ კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის ტარიფებზე ჭიდილს შესაძლოა მომსახურების ხარისხი და მაღალ კვალიფიციური პერსონალი შეეწიროს.

მისი თქმით, არსებობს საშიშროება რომ ექიმებმა ქვეყნიდან გადინება დაიწყონ, რაც დარგს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

“კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის ჭიდილში არ უნდა მოხდეს იმ მთავარის დაკარგვა რასაც ჰქვია სამედიცინო მომსახურების ხარისხი და რასაც ჰქვია ექიმები. იგივე DRG-თან დაკავშირებით ვიცით, რომ კლინიკები სთხოვენ ექიმებს, რომ ახლა საშუალება არ აქვთ და ვერ გადაუხდიან, მაგრამ მოითმინეთ, რაღაც იქნება.

საბოლოოდ ამან შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ კვალიფიციურმა ექიმებმა ისევ დატოვონ ჩვენი ქვეყანა, როგორც ეს ხდებოდა ხოლმე. თუ გამოიკვლევს სახელმწიფო თუ რა თანხა მიდის მეზობელ ქვეყნებში სამედიცინო მომსახურებაზე, ასევე ევროპის ქვეყნებში საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვი იქნება. სწორედ ეს უნდა იყოს საფიქრელი და აქედან უნდა ვიფიქროთ გამოსავალზე,”-ამბობს სამედიცინო ასოციაციის გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე.