მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკებისთვის ჯარიმები სამმაგდება - რატომ მკაცრდება რეგულირების წესები

5ef302918b767
შოთა ტყეშელაშვილი
24.06.20 11:43
943
ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება, მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია BMG-ის კითხვაზე, თუ რატომ გადაწყდა ამ ცვლილების მიღება, აცხადებს, რომ რეგულირების გამკაცრება გამოწვეულია ფაქტით, რომ წარსულში განმეორებითი დაჯარიმებების მიუხედავად, კლინიკები არაერთ შემთხვევაში არ ახდენდნენ დაჯარიმების მიზეზის აღმოფხვრას. ჯარიმების გაზრდით და საქმიანობის შეჩერების სანქციის დაწესებით კი სამინისტრო იმედოვნებს, რომ კლინიკები საქმიანობის ხარისხის დაცვას მეტი პასუხისმგებლობით მიუდგებიან.

"მარეგულირებელს უნდა ჰქონდეს ბერკეტი, რათა მოახდინოს დაუყოვნებლივი რეაგირება. მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც შედის, ეს არის ის, რომ ერთის ნაცვლად მას სამჯერ შეეძლება კონტროლის განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებზე. ასევე დგება საკითხი სამედიცინო საქმიანობის შეჩერების უფლებამოსილების შესახებ. პირველი და მეორე დაჯარიმების შემდეგაც იყო შემთხვევები, როდესაც დარღვევა იყო აღმოფხვრის გარეშე. წლის სტატისტიკა მიუთითებს, რომ 223 საჯარიმო სანქციიდან რაც იყო გამოცემული, ამათგან გარკვეული პროცენტი იყო მეორეული და მესამეული დაჯარიმება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კლინიკებისთვის ის ჯარიმები, რომლებიც იყო დაწესებული არ წარმოადგენდა იმ ნეგატიურ სტიმულს, რომ გამოესწორებინათ ის დარღვევა, რომელიც მათ ჰქონდათ. ამდენად ეს საკითხიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგება ჯარიმების გაზრდის სახით, რაც უკავშირდება იმას, რომ კლინიკას უნდა ჰქონდეს ის ინტერესი, რომ თავიდან აიცილოს ჯარიმის ის ოდენობა, რომელიც მას დაეკისრება.

ვაწყდებოდით სამედიცინო დოკუმენტების შეცვლის მცდელობას. დაწესებულება, რომლის წინააღმდეგაც მიდიოდა პროცესი, ცვლიდა ამ პერიოდში დოკუმენტაციას. პროფესიული განვითარების საბჭოზე არაერთხელ დამდგარა საკითხი, ხომ არ არის შეცვლილი ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებში განახლებული სანქციები ასეთი იქნება:

● სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას არანაკლებ 15000 ლარისა და არა უმეტეს 30 000 ლარისა.‘‘ (დღეს მოქმედი კანონით მაქსიმალური სანქცია 10,000 ლარია);
● სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას არანაკლებ 7000 ლარისა და არა უმეტეს 15 000 ლარისა.
● სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას არანაკლებ 1000-დან 2 000 ლარამდე. (დღეს მოქმედი კანონით მაქსიმალური სანქცია 1,000 ლარია).
● იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ არსებული სასამართლო პრაქტიკა არის იმგვარი, როდესაც სასამართლოს მიერ გამოყენებული სანქციები არის მინიმალური, რაც დარღვევის სიმძიმესთან მიმართებით აცდენილია.
პარლამენტში ამ საკანონმდებლო წინადადების ინიცირება ჯერ არ მომხდარა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ სანქციების დაწესების პროცესში სასამართლოს როლი შესუსტდება, ეს ქვეყანაში ჯანდაცვის ბაზარზე ნეგატიურად აისახება.