27.მარტი .2020 13:00

"კლიპარტი" კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული ბიზნესების მხარდამჭერ კამპანიას იწყებს

views 534
უკან

Covid-19-ის პანდემიის პირობებში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, „კლიპარტი“ ახალ კამპანიას - #ბიზნესიზრუნავს იწყებს.

კამპანია იმ პასუხისმგებლიანი ბიზნესების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამის შესახებ ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტის“ კომერციულმა დირექტორმა თამთა კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „კლიპარტის“ უმთავრესი ამოცანა თავიდანვე იყო პასუხისმგებლიანი ბიზნესის მხარდაჭერა.

„ამიტომაცაა ჩვენი სლოგანი „მედია ბიზნესისთვის“. რაც შეეხება #ბიზნესიზრუნავს, ამ კამპანიის ფარგლებში ფართო საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას კომპანიების აქტიურობის შესახებ Covid-19-თან ბრძოლაში. ეს შეიძლება იყოს ინფორმაციები როგორც ფულადი შემოწირულობის, ისე სხვა აქტივობების შესახებ, როგორიცაა დაზარალებული და რისკის ჯგუფში მყოფი მოქალაქეების მატერიალური თუ სერვისების კუთხით აღმოჩენილი დახმარება“, – ამბობს თამთა კალანდაძე.

კამპანიის ფარგლებში „კლიპარტი“ თავად დაამყარებს კომუნიკაციას პასუხისმგებლიან ბიზნესებთან. უპირველესად, პასუხისმგებლიანი კომპანიების შესახებ ინფორმაციას მოძიება stopcov,ge-ზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებში მოხდება. ამ კომპანიების უმრავლესობის შესახებ საზოგადოებამ უკვე იცის, თუმცა მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება. აქედან გამომდინარე, თავად კომპანიებსაც ექნებათ შესაძლებლობა, „კლიპარტს“ დაუკავშირდნენ და ამ მიმართულებით თავიანთი აქტივობები გააცნონ. ამისთვის, უბრალოდ, უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 598 67 77 79, ან გაგზავნონ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: info@clp.ge

კამპანიის საინფორმაციო არხები

ინფორმაციები განთავსდება 5-დან 10-მდე პოპულარული საინფორმაციო სააგენტოს ვებპორტალზე, გაზიარდება ამავე საინფორმაციო საშუალებებისა და სხვა სოციალურ გვერდებზე, რაც, საერთო ჯამში, საკმაოდ ფართო აუდიტორიას მოიცავს. პრაქტიკულად, საქართველოს მთელ მოსახლეობას. ასევე, „კლიპარტის“ საბანერო ზონების დიდი ნაწილი, პოპულარულ საინფორმაციო საიტზე, დაეთმობა კამპანიას და გამოჩნდება ბანერები ამ კომპანიების ლოგოებით.

„სოციალური პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის, „კლიპარტისთვისაც“ პრიორიტეტია. ჩვენი სააგენტოს მხრიდან ეს პირველი კამპანია არ არის. ზოგადად, „კლიპარტი“ აქტიურად მუშაობს საზოგადოების სწორად ინფორმირების მიმართულებით. Covid-19-ის გამო შექმნილ ვითარებაში სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს როგორც მთავრობასთან, ისე უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან. როდესაც #დარჩისახლში კამპანიის ფარგლებში პრაქტიკულად გასამმაგებულია ინტერნეტმოხმარება და ციფრული სერვისების საჭიროება, ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ბიზნესსა და საზოგადოებას სჭირდება“, – აცხადებს თამთა კალანდაძე.