მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე - ამ პერიოდში რეზერვების შევსებას არ ვაპირებთ

5d93640962afa
შოთა ტყეშელაშვილი
01.10.19 20:00
1554
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი არსებულ ვითარებაში სავალუტო რეზერვების შევსებას არ გეგმავს. ამასთანავე, კობა გვენეტაძე ამბობს, რომ რეზერვების ადეკვატურ დონეზე შევსება სებ-ის გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს, თუმცა ახლა ეროვნული ბანკისთვის უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევა გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების შეკვეცაა.

“რეზერვებს ვყიდულობთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას გვაძლევს. რა თქმა უნდა ჩვენ ბოლო პერიოდში რეზერვები არ გვიყიდია და ამ პერიოდში არ ვაპირებთ რეზერვების შევსებას. მაგრამ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადადგმული იქნას სწორი ნაბიჯები იმისათვის, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს და ჩვენი ძირითადი ძალისხმევა ამ ეტაპზე არის მიმართული ჩვენს ძირითად მანდატთან - ინფლაციასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3%, თუმცა ეს არ ნიშნავს ლიმიტს. ინფლაცია სხვა და სხვა დროს შეიძლება იყოს ამ ზღვრის ზემოთ ან ზღვრის ქვემოთ, მაგრამ ეროვნულიმა ბანკმა უნდა განახორციელოს სათანადო ზომები იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია იყოს ამ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები $3,696,777,600-ს შეადგენს. გასული ერთი წლის განმავლობაში რეზერვების მოცულობა 27%-ით არის გაზრდილი, რისი მიზეზიც სებ-ის მიერ ჩატარებული სავალუტო ინტერვენციები და კომერციული ბანკებისთვის გაზრდილი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნებია.

2019 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 11 ინტერვენცია განახორციელა, რითიც $165 მილიონი დოლარი შეისყიდა.