22.ნოემბერი .2019 16:40

კობა გვენეტაძე: 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების აკრძალვა მთავრობის ინიციატივა იყო

views 758
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, მისი შეფასებით, მოწყვლადი ჯგუფების ჭარბვალიანობისგან დაცვის უზრუნველყოფა თავად სებ-ის მიერ მიღებული რეგულაციების პაკეტითაც იყო შესაძლებელი, 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების აკრძალვა კი, მთავრობის ინიციატივას წარმოადგენდა.

“რაც შეეხება უშუალოდ 200,000 ლარიან ზღვარს, მე ამის შესახებ პარლამენტთანაც აღვნიშნე, ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ მოწყვლადი ჯგუფების ჭარბვალიანობის დაცვის უზრუნველყოფა შეეძლო იმ მაკრო-პრუდენციულ ღონისძიებებს, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა მიიღო. მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან რაც ამოქმედდა იქ იყო დიფერენცირება სესხის მომსახურების კოეფიციენტში ლარის სესხებში და დოლარის სესხებში. შესაძლებელი იყო, რომ იმ ეტაპისთვის დამატებითი ზომა არ ყოფილიყო აუცილებელი. ეს იყო მთავრობის ინიციატივა, შესაბამისად, მაშინ მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა აღნიშნული ღონისძიების გაკეთებაც", - გადაცემა საქმიან დილაში განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძე საქმიანი დილის ეთერში:



შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების აკრძალვას 100,000 ლარამდე შეამცირებს.

"მე მინდა, ეკონომიკური ზრდის რისკების, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დავავალო, ის შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესთ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარის ფარგლებში, განიხილოთ შესაძლებლობა და მომავალი მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოთ, რამდენად შესაძლებელია, ეს ზღვარი შეამციროთ 100 ათას ლარამდე.

გარდა ამისა, მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეტირების უზრუნველსაყოფად", – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა