მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: არ ვფიქრობ, რომ ლარი ძალიან გადახრილი შეიძლება იყოს წონასწორული კურსიდან

600cb48891ac9
შოთა ტყეშელაშვილი
24.01.21 10:05
1198
“არ ვფიქრობ, რომ ლარი ძალიან გადახრილი შეიძლება იყოს წონასწორული კურსიდან,”- გადაცემა Forbes Talks-ის ეთერში განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, დღეს ლარის გაცვლითი კურსის არსებულ დონეს განაპირობებს ფუნდამენტური ფაქტორები, რომელთა შედეგადაც ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი გაუარესებულია.

“ფაქტორები, რომლებიც საქართველოში ლარის გაცვლით კურსზე მოქმედებს ძალიან აშკარაა. მათ შორისაა სავალუტო გზავნილები, რომლებიც იზრდებოდა 2020 წლის განმავლობაში - თუმცა ეს მხოლოდ ერთი ნაწილია შემოსულობების. გაცილებით დიდია ის შემოსავლები, რომლებიც ჩვენ დავკარგეთ. მოგეხსენებათ, ტურიზმიდან შემოსავალი 2019 წელს $3 მილიარდს აღემატებოდა.

შესაბამისად ასეთი ვითარება გვაქვს, რომ მკვეთრად არის შემცირებული შემოსავლები ექსპორტიდან და სერვისის ექსპორტიდან (ტურიზმიდან). ამავე დროს არის შემცირებული ხარჯები, რადგანაც იმპორტის მოცულობამ იკლო. და ასევე ინტერვენციები, თუმცა შეუძლებელია, რომ სავალუტო ინტერვენციებმა ეს დანაკარგი დააბალანსოს. შესაბამისად, 2020 წელს იყო სწორედ ეს ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებმაც გამოიწვია ეს გაუფასურება. მაგალითად, 2019 წელს უფრო მეტად მოლოდინებმა განაპირობა კურსის გაუფასურება ვიდრე ფუნდამენტურმა ფაქტორებმა, რაც რუსეთიდან ფრენების შეჩერებას უკავშირდებოდა. 2020 წელს კი უფრო მეტად ფუნდამენტური ფაქტორების მიერ გამოწვეული გაუფასურება გვქონდა,”- აცხადებს გვენეტაძე.

კითხვაზე თუ როგორ გაგრძელდება სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკა სებ-ის პრეზიდენტი პასუხობს, რომ ისინი წელსაც გააგრძელებენ ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას.

2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად სულ 26 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და მათი მეშვეობით რეკორდული მოცულობის თანხა - $873 მილიონი დოლარი გაყიდა. ამ ინტერვენციების დაფინანსება საქართველოს მიერ კრიზისის პერიოდში მოზიდული $1.5-მილიარდიანი საგარეო ვალის დახმარებით გახდა შესაძლებელი.

შედარებისთვის, 2020 წელს ინტერვენციებზე დახარჯული $873 მილიონი დოლარი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა რომელიმე წლის განმავლობაში განხორციელებული სავალუტო აუქციონები. მაგალითად, 2016 წლის კრიზისის დროს აუქციონების გზით სებ-მა $280 მლნ გაყიდა, 2015 წელს ეს თანხა $287 მილიონი დოლარი, 2014-ში კი - $300 მილიონი იყო.