მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: ახალი ევრობონდის სარგებლის განაკვეთი ჩვენთვის რეკორდულად დაბალია

607963fc13846
BM.GE
16.04.21 14:26
757
"ინვესტორთა პოზიტიური განწყობა და ნდობა აისახა, ერთი მხრივ, დიდ მოთხოვნაში, რომელმაც 4-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას, ხოლო, მეორე მხრივ, დაბალ საპროცენტო განაკვეთში, რომელიც დაფიქსირდა,"- დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მიერ გამოშვებულ $500-მილიონიან ევროობლიგაციებში ინვესტიციები საერთაშორისო ინვესტორებმა გააკეთეს, რომლებიც საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებას უკვე მრავალი წელია უჭერენ მხარს. თუკი 2011 წელს გამოშვებული ობლიგაციების განაკვეთი 6.875% იყო, ახალი ევრობონდის კუპონის განაკვეთი 2.75%-ია. ამასთან, 10 წლის ნაცვლად, ამ ფასიანი ქაღალდის ვადიანობა 5 წელს შეადგენს. კობა გვენეტაძის განცხადებით, საპროცენტო განაკვეთის შემცირება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებამ განაპირობა.

"საქართველოს ახლად გამოშვებული ევრობონდის სარგებლის განაკვეთი ჩვენთვის რეკორდულად დაბალია. ეს მიანიშნებს, რომ საერთაშორისო ინვესტორები, რომელთაც ვერც ეკონომიკური ანალიზის უნარს დავუწუნებთ და საკუთარი ფინანსური სახსრების განკარგვისას დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებაშიც ვერ დავადანაშაულებთ, მზად არიან, საქართველოში თანხა 5 წლის ვადით დაბალი საპროცენტო განაკვეთით დააბანდონ. ეს ადასტურებს მათ ხედვას, რომ ქვეყანაში მაკროეკონომიკური რისკები არის საკმაოდ დაბალი, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ რამდენიმე შოკი გაიარა. სწორედ ეს არის მაკროეკონომიკური პოლიტიკის სისწორის ერთ-ერთი საუკეთესო საზომი.

ცხადია, ამ შედეგში წვლილი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნებამ შეიტანა, რაც საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა, როგორც პანდემიამდე, ისევე მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე და საგარეო რისკების ზრდის მიუხედავად, თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებით მიაღწია. ეროვნული ბანკის მხარეს რომ ვისაუბრო, როგორც სარეიტინგო სააგენტოები, ისე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ხაზგასმით აღნიშნავენ ფინანსური სექტორის მდგრადობის ამაღლებისთვის გატარებული ისეთი რეფორმების როლს, როგორიცაა კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების შექმნა, კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესება, სისტემურობის ბუფერის დაწესება, რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედება, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაცია, გაუმართავი და მოწყვლადი არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირების დაწყება, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება და, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - დედოლარიზაციის ღონისძიებების გატარება. ამ რეფორმების გატარების აუცილებლობა და სარგებელი პანდემიამ დღეს უკვე ნათლად წარმოაჩინა.

ინვესტორთა პოზიტიური განწყობა და ნდობა აისახა, ერთი მხრივ, დიდ მოთხოვნაში, რომელმაც 4-ჯერ გადააჭარბა ემისიის მოცულობას, ხოლო, მეორე მხრივ, დაბალ საპროცენტო განაკვეთში, რომელიც დაფიქსირდა. ემისიას წინ უძღოდა ინტენსიური შეხვედრები ინვესტორებთან მთელი მსოფლიოდან. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ საქართველო არის იმის წარმატებული მაგალითი, თუ როგორ უმკლავდება მცირე ზომის ღია ეკონომიკა პანდემიის უპრეცედენტო შოკს. საერთაშორისო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ის მაკროეკონომიკური კურსი, რომელიც, ფისკალურ დისციპლინასთან ერთად, მცურავ გაცვლით კურსს, დამოუკიდებელ ცენტრალურ ბანკს/მონეტარულ პოლიტიკას და ინფლაციის თარგეთირებას და დედოლარიზაციას გულისხმობს. ინვესტორების უმეტესობა არიან სტრატეგიული ინვესტორები, მსხვილი საინვესტიციო ფონდები, რომლებიც ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, უკვე მრავალი წელია სხვადასხვა ფორმით ახორციელებენ და ევრობონდის წარმატებული განთავსება მათთვის კიდევ ერთი სიგნალია, რომ თავიანთი საქმიანობა საქართველოსთან მიმართებაში მომავალში კიდევ უფრო გააფართოონ,"- აცხადებს კობა გვენეტაძე.