მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: ეროვნულ ბანკს ინფლაციაზე რეაგირება არ დაუგვიანია

5dd79baa8917a
შოთა ტყეშელაშვილი
22.11.19 12:34
1063
“ჩემი აზრით, ეროვნულ ბანკს რეაგირება არ დაუგვიანია,”- ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. 

ოთხშაბათს, 20 ნოემბერს, პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა ინფლაციასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დააგვიანა. ამასთანავე, მან ეროვნულ ბანკს "რეალობასთან დაბრუნებისკენ" მოუწოდა.

ამ კრიტიკასთან დაკავშირებით, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მათ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრეს მას შემდეგ, რაც ბაზარზე გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები გამოჩნდა. აღნიშნული მოლოდინების შეფასებას კი, სებ-ი არაერთ ინდიკატორზე დაკვირვებით ახდენს. მათ შორისაა საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი, ასევე მთავრობის ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილება. კობა გვენეტაძის თქმით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა მაჩვენებლებმა ინფლაციური მოლოდინების ზრდაზე მიანიშნეს.

"ჩემი აზრით, ეროვნულ ბანკს რეაგირება არ დაუგვიანია. რა თქმა უნდა, იგივე პარლამენტში გამოსვლისასაც ჩემი არგუმენტირებული პოზიცია ვთქვი ამასთან დაკავშირებით. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საკითხზე ჩემი პოზიცია მომიხსენებია, როგორც მედიისთვის, ასევე დეპუტატებისთვისაც და თქვენთვისაც. მოდით, შევხედოთ რა სიტუაცია გვაქვს, დიახ ამჟამად, სამწუხაროდ, ინფლაცია არის მიზნობრივზე მაღალი, მაგრამ როგორც არაერთხელ გვითქვამს, ჩვენი მანდატი არის და ეს ეროვნული ბანკის შესახებ კანონშიც არის ასე, რომ ჩვენ საშუალოვადიან ინფლაციაზე გვქონდეს სწორება.

დროის სხვადასხვა მონაკვეთში შესაძლოა ინფლაცია იყოს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი და მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი. თუ ინფლაცია ყოველთვის მიზნობრივ მაჩვენებელზეა, ესეიგი იქ რაღაც ხდება. შეიძლება კარგად არ გამოითვლება ინფლაცია ან კიდევ რაღაც მანიპულაცია ხდება.

ეს კიდევ ცალკე არ ხდება, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ როდესაც ხდება გამოწვევა, როდესაც ხდება რაღაც ფაქტები, რომლებიც ზრდის ინფლაციას, მიიღება თუ არა ადეკვატური ზომები და მიიღება თუ არა ადეკვატური ზომები დროზე. როდესაც საუბარია იმაზე, რომ უნდა ყოფილიყო ადრე თუ არ უნდა ყოფილიყო ადრე, მოგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკა არის მონაცემებზე დაფუძნებული. ჩვენი გადაწყვეტილებები არის მიღებული კონკრეტული მომენტისათვის არსებულ ინფორმაციაზე და ამ ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით.

ეს რაც გვქონდა, ის გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორით, სიგარეტის აქციზის გაზრდით. ამავე დროს, საბაზო ინფლაცია იყო დაბალი. საბაზო ინფლაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ის ინფლაციის გრძელვადიან ტრენდზე მიგვითითებს. გარდა ამისა, თუ შევადარებთ სხვა და სხვა ინდიკატორებს, რომელთაც ჩვენ ვუყურებთ გადაწყვეტილების მიღებისას, ვთქვათ ივნისამდე და ივნისის შემდეგ, მაგალითად, მთავრობის ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ იზრდებოდა საპროცენტო განაკვეთები, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს ითხოვენ, როდესაც ინფლაციას ელიან, არამედ მცირდებოდა კიდევაც. შემცირებები იყო 5-წლიან, 10-წლიან ფასიან ქაღალდებზე. როგორც კი გამოჩნდა ნიშნები იმისა, რომ ინფლაცია, მოლოდინების არხით შეიძლებოდა გაზრდილიყო და როგორც კი დავინახეთ რომ გაუფასურებული ეფექტური გაცვლითი კურსი უკვე მოქმედებდა ინფლაციაზე, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ მოქმედება.

ინფლაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვადასხვა სცენარით შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები. რთული იყო ამ ყველაფრის პროგნოზირება. მაგალითად, რამდენი იქნებოდა დანაკლისი ტურისტული სექტორიდან, ასევე უცნობი იყო რა წნეხი ექნებოდა მას გაცვლით კურსზე. ამავე დროს უცნობი იყო რა დაემართებოდა მოთხოვნას, მთლიან მოთხოვნას ქვეყანაში. იმის გამო, რომ მაგალითად ყოფილიყო ემბარგო, ექსპორტი შემცირებულიყო. აქ ორი ფაქტორი იყო, ერთი, რომელიც ერთობლივი მოთხოვნის შემცირებისკენ უბიძგებდა და მეორე, რომელიც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან ინფლაციაზე აღმავალ წნეხს იქონიებდა. მათ შეიძლებოდა ერთმანეთი დაებალანსებინათ. როგორც მომავალში დავინახეთ, ზრდაზე ეს არ აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია, თუმცა გაცვლითი კურსიდან გადაცემა მოხდა ინფლაციაზე.

ჩვენ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის პრესრელიზში ძალიან მკაფიოდ ჩავწერეთ, რომ იმ შემტხვევაში თუ ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებიდან წამოსული დაწოლა ინფლაციაზე გაიზრდება, ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ ზომებს. შესაბამისად, ჩვენ ამას ვუშვებდით და განვაცხადეთ კიდევაც რომ ამას გავაკეთებდით. იმ წუთში ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც არსებობდა არ მიუთითებდა, რომ ეს იყო საჭირო. როგორც კი დავინახეთ, მაშინვე დავიწყეთ მოქმედება", - აცხადებს კობა გვენეტაძე.

სექტემბრის შემდგომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-ს შეადგენს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი 2019 წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაციის 7.2%-მდე ზრდას პროგნოზირებს.

2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდგომ ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია.