მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე ფულადი გზავნილების ზრდის მიზეზებს განმარტავს

5f363d803713b
თამთა ჯიჯავაძე
14.08.20 11:29
1373
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ქვეყანაში ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება.

როგორც გვენეტაძე ამბობს, ივნისში 17.8%-ით ზრდის შემდეგ, ივლისში წლიური ზრდა 22.1% იყო. 

"გასათვალისწინებელია, რომ პანდემიამდე ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი (საბანკო გზავნილების დაახლოებით 8%) საქართველოში არასაბანკო არხებით, ვიზიტორების მეშვეობით, შემოდიოდა. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო, გზავნილების ამ ნაწილმა საბანკო არხებში გადაინაცვლა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი. გარდა ამისა, პანდემიის საწყის ეტაპზე არსებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, გზავნილებზეც მოქმედებდა. ამ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაგროვილი გზავნილების გამოგზავნა მომდევნო თვეებში მოხდა, რამაც ასევე, იმოქმედა ივნის-ივლისში გზავნილების ზრდის მაჩვენებლებზე.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ამ ფაქტორების გათვალისწინებითაც, ფულადი გზავნილების გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა არა ისეთი სწრაფი ტემპით, როგორც შეიძლება სტატისტიკიდან ჩანდეს", – წერს სებ-ის პრეზიდენტი.

მისივე განმარტებით, აღნიშნული დადებითი დინამიკა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას ზრდის და, საბოლოო ჯამში, უფრო დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს განაპირობებს.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

2020 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.2 მლნ აშშ დოლარი (68.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ივლისის (19.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.6%-ით მეტია.