მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: IMF-ის მიერ სებ-ის პოლიტიკა ყველა მიმართულებით დადებითად შეფასდა

5f621f3dbe493
ინგა მურუსიძე
16.09.20 19:50
586
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ ეროვნული ბანკის პოლიტიკა ყველა მიმართულებით დადებითად შეფასდა“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.

„მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან საჭიროა გაცვლითი კურსის მოქნილი პოლიტიკის გაგრძელება. ასევე, აუცილებელია, კარგად გავაანალიზოთ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები და ამის მიხედვით მივიღოთ შესაბამისი ზომები“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, მისიასთან შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები: საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი, დროებითი ზედამხედველობის ჩარჩო, საერთაშორისო რეზერვები და მათი გამოყენება და სხვა.

„სსფ-ს მისიამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების მიერ პანდემიურ პერიოდში გადადგმული ნაბიჯები და ასევე აღნიშნა, რომ სწორედ პანდემიამდე გატარებულმა გონივრულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც მოიცავს საერთაშორისო რეზერვების და ფისკალური ბუფერების დაგროვებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქვეყანა კარგად ახერხებს ამ კრიზისთან გამკლავებას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8-14 სექტემბერს სსფ-მა, მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეკონომიკის და საფინანსო სექტორის ვითარების მიმოხილვისა და სტრუქტურულ რეფორმებში მიღწეული პროგრესის შეფასების მიზნით, ვირტუალურ ფორმატში შეხვედრები გამართა.