მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: კრიზისამდეც და კრიზისის პერიოდშიც სებ-ის ქმედებები იყო ადეკვატური

5fd09157d0f97
ინგა მურუსიძე
09.12.20 13:03
829
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, როგორც კრიზისამდე, ასევე კრიზისის პერიოდში, ეროვნული ბანკის ქმედებები იყო ადეკვატური. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამას ადასტურებს არაერთი ფინანსური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება.

“ძალიან რთულია, რომ მაშინ, როცა კრიზისი მოხდება, ფინანსურ სექტორში გაკეთდეს რაიმე კარგი, რომელიც გადაარჩენს ამ სიტუაციას. როგორც კრიზისამდე, ასევე კრიზისის კონტექსტში, ეროვნული ბანკის ქმედებები იყო ადეკვატური და ამას არაერთი ფინანსური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს. წინა პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის მოთხოვნები დაწესდა, რამაც ძალიან კარგი ბუფერები შექმნა ბანკებისთვის სტრესულ სიტუაციასთან გასამკლავებლად; ამავე დროს, მდგრადია აქტივების ხარისხი იქიდან გამომდინარე, რომ შემოვიღეთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაცია და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით ბევრი ზომა გავატარეთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, "ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რუგულაციამ თავის დროზე ბევრი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა ფაქტია, რომ ამ ღონისძიებების და დედოლარიზაციის გარეშე, დღეს ფინანსური სექტორი ვერ შეძლებდა სირთულეებთან გამკლავებას, რომელიც დღეს გვაქვს". 

„რომ არა ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, დღეს გვეყოლებოდა მსესხებლები, რომლებსაც ექნებოდათ ვალის ტვირთი, რომელთა მომსახურეობა საერთოდ შეუძლებელი გახდებოდა და ეს უკვე ფინანსურ სტაბილურობას შეუქმნიდა რისკს. აქედან გამომდინარე, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული ეროვნული ბანკის მიერ, იყო აბსოლუტურად დროული, აბსოლუტურად სწორი და მის გარეშე დღევანდელ კრიზისს ელემენტარულად ვერ გავუმკლავდებოდით“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.