მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: ლირის გაუფასურება ჩვენი სხვა პარტნიორების ვალუტების გამყარებით ბალანსდება

617916f495320
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.21 13:35
848
თურქეთის ეროვნული ვალუტა ლირა ოქტომბრის განმავლობაში დოლართან მიმართებით 10%-ით გაუფასურდა. შედეგად, ერთი დოლარის ღირებულებამ 9.6 ლირას გადააჭარბა, რაც თურქეთის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა აღნიშნულ გაუფასურებას ლარის კურსზე ჯერ არ უმოქმედია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განმარტებით, ლირას გაუფასურებას საქართველოსთვის სხვა სავაჭრო პარტნიორების ვალუტების სიმყარე განაპირობებს. მათ შორისაა რუსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ვალუტების გამყარება.

“თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და რა თქმა უნდა ყოველთვის მნიშვნელობა აქვს რა ხდება მის ვალუტასთან დაკავშირებით. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ასეთ ანალიზს ვაკეთებთ არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ ერთ ფაქტორს, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ის. სამწუხაროდ, ხშირად კონტექსტში არ ხდება ხოლმე გაანალიზება საკითხების. არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც სხვა ფაქტორები აბალანსებს გავლენას ლარზე, ან კიდევ სიტუაციები, როდესაც ვერ აბალანსებს.

თუკი დღეს არსებულ სიტუაციას შევხედავთ, ლირას გაუფასურება ჩვენი სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების გამყარებით ბალანსდება. მართლაც ჩვენ რომ შევხედოთ ლარის ეფექტურ გაცვლით კურსს, ანუ ის რასაც ვამბობთ, რომ ყოველთვის ეფექტურ კურსს უნდა ვუყუროთ და არა მის კურსს მხოლოდ ერთ ვალუტასთან და ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც ასახავს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან კურსს, ბოლო თვეების განმავლობაში არის სტაბილური, რადგანაც სწორედ სხვა ქვეყნების ვალუტების ამყარებამ დააბალანსა ლირის გაუფასურება.

როდესაც სექტემბრიდან ლირამ გაუფასურება დაიწყო, ლირასთან მიმართებით ლარი გამყარდა 11%-ით, ხოლო ამავე პერიოდში ლარი გაუფასურდა რუსულ რუბლთან 6.7%-ით და მოგეხსენებათ ამ შემთხვევაში უფრო ძლიერი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასები არის ძალიან მაღალი, ეს აზერბაიჯანისთვისაც ძალიან კარგი იქნება და ყაზახეთისთვისაც. უკრაინული გრივნა არის 2.9%-ით გამყარებული, ჩინური იუანი 2.3%-ით და აშშ დოლარი 1%-ით. ასე რომ ჯამში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი სტაბილურია და აქედან შეიძლება ახსნა ზოგადად ლარის სტაბილურობის,”- განმარტავს კობა გვენეტაძე.