მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: თავშესაფრის არქონა სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტს ვერ გაამართლებს

5fe30da158673
BM.GE
23.12.20 13:29
903
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაუშვებელია, სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და შენობა-ნაგებობების განთავსება ადამიანების გაჭირვებით გამართლდეს. ამის შესახებ bm.ge-ის მერიიდან აცნობეს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი სწორედ იმ მოქალაქეების დასახმარებლადაა მიმართული, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.

„18 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ დედაქალაქის მერიაში ჩაატარა ბრიფინგი და ისაუბრა, რომ აღმოჩენილია კიდევ ერთი ლოკაცია სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგეობების განთავსება მიმდინარეობდა. ჩვენი, თბილისის მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, რომ სახელმწიფო ქონება მიტაცებისგან და შემდეგ, მასზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან დავიცვათ. დაუშვებელია, ასეთი სამართალდარღვევა ადამიანების გაჭირვებით გავამართლოთ. ბოლო დღეების განმავლობაში ამას ვისმენდით, რაც ძალიან ცუდია. კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, მესმის იმ ოჯახების, ადამიანების, ვისაც მართლა უჭირს და სერიოზული პრობლემები გააჩნია, თუმცა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი სწორედ ასეთი ადამიანების დასახმარებლადაა გათვალისწინებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალ წელს ამ მიმართულებით, 350 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„როდესაც მიმდინარეობს მუშაობა ბიუჯეტზე, პირველ რიგში, განისაზღვრება ის პროგრამები და ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლითაც გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარებით, მაგრამ ქონების უკანონოდ მიტაცება და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსება, კატეგორიულად მიუღებელია და ამას არ დავუშვებთ. თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლებს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცებას. იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ და დარჩნენ სახლის გარეშე, დედაქალაქს აქვს სპეციალური პროგრამა. ყოველწლიურად, დაახლოებით, შვიდი მილიონი ლარი იხარჯება, რომ მსგავს ოჯახებს დავეხმაროთ, ქირით გავიყვანოთ და ქუჩაში არ დარჩნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: დღეს, თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დაანგრია შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 7 ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც მერიის ინფორმაციით, უკანონოდ აშენდა.