მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: როდესაც სებ-ი გადმოვიდა იუსტიციის სახლის შენობაში, მასში $16.4 მლნ გადაიხადა

5db03f46196be
თელარა გელანტია
23.10.19 15:54
1125
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სებ-ისთვის ახალი 50-მილიონიანი ოფისის აშენების აუცილებლობა კიდევ ერთხელ განმარტა.

გვენეტაძე აცხადებს, რომ ახალი შენობის აუცილებლობა ცენტრალური ბანკის გაზრდილი ფუნქციებიდან გამომდინარეობს, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი. სებ-ი არასაბიუჯეტო სსიპ-ია, რომელსაც აქვს საკუთარი შემოსავლები. ამავე დროს, ეროვნული ბანკის კანონის თანახმად, მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრლებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და განკარგავდეს მას.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ცვლილება განხორციელდა და სებ-ის ფუნქცია გაიზარდა. კიდევ გაიზრდება ფუნქციები, რადგან საკმაოდ ბევრი გამოწვევა არსებობს ფინანსურ სისტემაში. აქედან გამომდინარე, სებ-მა გაიაზარა, გაანალიზა ყველაფერი და სებ-ის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აშენდეს ცალკე შენობა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვას არა მარტო შემდეგი ორი წლის განმავლობაში, არამედ შემდეგი 50 წლის განმავლობაში ანუ ესაა ის ინვესტიცია, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება ეროვნულ ბანკს“, - განმარტა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ახალი ოფისის აშენებაზე გადაწყვეტილება აბსოლუტურად გამართლებულია.

სებ-ის პრეზიდენტმა განმარტებისას აქცენტი ახალი შენობის ღირებულებაზეც გააკეთა და გაიხსენა, რომ 2012 წელს, როდესაც ეროვნული ბანკი იუსტიციის სახლის შენობაში გადმოვიდა, მათ ამაში 16 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადეს.

„არ დაგავიწყდეთ, რომ 2012 წელს, როდესაც ეროვნული ბანკი გადმოვიდა არსებულ შენობაში (იუსტიციის სახლში) , მაშინ ეროვნულმა ბანკმა ამ შენობაში 16.4 მლნ დოლარი გადაიხადა, რაც დღევანდელი კურსით 50 მლნ ლარია.
ახალი ოფისის მშენებლობის ხარჯის დაფარვა დიდწილად სწორედ ამ შენობის რეალიზაციდან მიღებული თანხით მოხდება. საუბარი იმაზე, რომ როდის მოხდება ეს, როდის დაცლის ეროვნული ბანკი ამ შენობას, ეს ძალიან დიდი ხნის პერსპექტივაა, რადგან როდესაც ვსაუბრობთ ახალი შენობის აშენებაზე, ეს შეიძლება 3.5-4 ან მეტი წელი გაიჭიმოს ეს პროცესი. ამიტომ, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ მიწის ნაკვეთი გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტით და კანონმდებლობის სრული დაცვით შეირჩა. ნაკვეთის მოძიების მიზნით, სებ-მა მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიას. აღნიშნული უწყებებისგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თავისუფალი მიწის არარსებობაზე მიღებული პასუხის შემდეგ კი, მოვიძიეთ სხვა ალტერნატივა“, - განაცხადა გვენეტაძემ.