მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე რომან გოცირიძეს: თქვენ რომ სებ-ის პრეზიდენტი იყავით, მაშინ ინფლაცია 14% იყო

5ed90de04f1ba
შოთა ტყეშელაშვილი
04.06.20 19:04
1122
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სებ-ის საქმიანობის 2019 წლის ანგარიში წარადგინა. სხდომაზე ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ კობა გვენეტაძეს ჰკითხა არის თუ არა ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის რისკი - რაზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის საფრთხე არ არსებობს. ამასთან, გვენეტაძის თქმით, ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში იყო მაშინ, როდესაც ეროვნულ ბანკს რომან გოცირიძე მართავდა.

რომან გოცირიძე: "არის თუ არა ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის რისკი?"

კობა გვენეტაძე: "იმ სიტუაციაში, რაც დღეს გვაქვს, იქიდან გამომდინარე თუ დამატებითი კატაკლიზმები არ მოხდა, არანაირი საფრთხე ორნიშნა ინფლაციის არ არსებობს. ახლა ალბათ არ არის ამაზე საუბარი რელევანტური, მაგრამ მემგონი თქვენ დროსაც იყო ორნიშნა ინფლაცია ხომ? თქვენ რომ იყავით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 14%-მდე იყო ინფლაცია ასული და ასეთი მაღალი ინფლაცია საქართველოში კაი ხანია არ ყოფილა."

რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2005-2007 წლებში იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ამ პერიოდში ყველაზე მაღალი ინფლაცია (ინფლაცია პერიოდის ბოლოს) 2007 წელს დაფიქსირდა და ის 10.97%-ს შეადგენდა. მას შემდეგ ქვეყანაში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი მხოლოდ ერთხელ იყო, კერძოდ კი 2010 წელს იყო ის 11.24%-ს შეადგენდა.

საქსტატის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მაისში ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელმა 6.5% შეადგინა, ხოლო წლის პირველი 5 თვის საშუალო ინფლაცია 6.5%-ს შეადგენდა. ეს ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს 3.5 პროცენტული პუნქტით აღემატება. 

ეროვნული ბანკის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა უფრო ხანგრძლივად დარჩება, ვიდრე ეს ადრე იყო ნავარაუდევი, თუმცა, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის დასაწყისში დაუახლოვდება.