მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური ფორუმის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

5da96c0cd5179
BM.GE
18.10.19 11:38
639
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟენგთან გამართეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მიმდინარეობას, ასევე, სსფ-ის ტექნიკური დახმარების საკითხებს. ტაო ჟენგის შეფასებით, არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს რეფორმებს, რაც ამცირებს ქვეყნის მოწყვლადობას საგარეო ფაქტორების მიმართ და უზრუნველყოფს ეკონომიკის მდგრად ზრდას.

კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს სახსოვრად ეროვნული ბანკის 100 წლის საიუბილეოდ მოჭრილი ვერცხლის საკოლექციო მონეტა გადასცა.

ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა კობა გვენეტაძისა და ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შეხვედრები სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ჰოლანდიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან და მისიის სხვა წევრებთან. გარდა ამისა, კობა გვენეტაძე მონაწილეობას მიიღებს G30 საერთაშორისო საბანკო სემინარში და შეხვდება მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები სსფ-ის ფულად-საკრედიტო და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტისა და აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლებთან.

17-20 ოქტომბრის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები.