20.მარტი .2020 10:10

კობა გვენეტაძე: უმოქმედო სესხების მოცულობა გაიზრდება

views 615
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საბანკო სისტემაში უმოქმედო სესხების ზრდას პროგნოზირებს. გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას გვენეტაძემ განაცხადა, რომ არსებული შოკის პირობებში ტურიზმთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ სფეროებში მოღვაწე ბიზნესები დაზარალდებიან. 

"მოდით ვთქვათ, რომ სირთულეები იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ტურისტი ვერ ჩამოვა ქვეყანაში, მომსახურების სექტორში, ტრანსპორტში, სასტუმროებში, რესტორნების სექტორში რა თქმა უნდა ამას გავლენა ექნება და გარკვეულწილად გაიზრდება უმოქმედო სესხები. ზუსტად ეს ბუფერები, რაც არის დაგროვილი და რასაც დრო და დრო ვავსებდით ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკით, შთანთქას ამ ბუფერებმა ის დროებითი მოვლენები. ამავე დროს, კარგად მოხდეს დაფინანსება, დაკრედიტება,"- ამბობს კობა გვენეტაძე. 

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ვადაგადაცილებული სესხების მთლიანი მოცულობა 435 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი სასესხო პორტფელის 1.4%-ს შეადგენს. 

კობა გვენეტაძის თქმით, არსებულ ვითარებაში კომერციულმა ბანკებმა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს შეღავათები შესთავაზეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსგავსი შეღავათების შემუშავებაზე ამჟამად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც მუშაობენ. 

 
"ეს [შეღავათების დაწესება] იყო მათი ინიციატივა, რადგანაც მათ ნამდვილად აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად გრძნობენ ამ სიტუაციას. მე საქართველოში არ ვმუშაობდი, მაგრამ როგორც ვიცი,  2008 წლის ომის პერიოდშიც მოხდა ასეთი შეღავათების მიცემა. რაც გითხარით, რა ბუფერებიც არის დაგროვილი სისტემაში, აძლევს კომერციულ ბანკს ამის შესაძლებლობას. 

ნამდვილად კარგი და მოსაწონი ნაბიჯი იყო კომერიული ბანკების მხრიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც მუშაობენ მსგავს მიდგომაზე. ბანკების მხრიდან ამ ინციატივაში ჩართვა იყო ნამდვილად ნებაყოფლობითი, არავის არ დაუვალებია ეს. დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო სესხების განულებასთან დაკავშირებით. ვისაც უნდოდა შეუერთდა, ვისაც არ უნდოდა არ შეუერთდა,"- ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი "საქმიან დილაში"

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა