მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა იზრდება

600ae6d009cf4
შოთა ტყეშელაშვილი
22.01.21 21:00
887
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა, რომ კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების მატების ტენდენცია უკვე შეიმჩნევა. გვენეტაძე ამბობს, რომ ამის მიუხედავად, მათი პროგნოზით ჩამოწერილი სესხების მოცულობა სექტორის სტაბილურობისთვის საზიანო მაჩვენებელზე მცირე იქნება. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტის თქმით, საბანკო სექტორისთვის 2021 წელი შარშანდელზე უკეთესი უნდა იყოს, რადგან სექტორმა პანდემიის მოსალოდნელი გავლენა საკუთარ ფინანსურ შედეგებში 2020 წელსვე ასახა.

“აქტივების ხარისხი კვლავ არის კარგი, მიუხედავად იმისა, რომ უმოქმედო სესხების ზრდა გვაქვს. თუ შევადარებთ, ჩვენი მეთოდოლოგიით, რომელიც უფრო მკაცრია, ვიდრე საერთაშორისო მეთოდოლოგია, 2019 წელს სისტემაში იყო 4.4%-ის დონეზე ვადაგადაცილებული სესხები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი ზემოთ წავა, მაგრამ ამას აიტანს ფინანსური სექტორი.

გავიხსენოთ ის, რომ საბანკო სისტემამ ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, თავიდანვე შეაფასა ის მოსალოდნელი ზარალი, რომელიც მოყვებოდა კრიზისს. შესაბამისად, ბანკებმა პორტფელის დაახლოებით 3.5% დაარეზერვეს ბუფერში და ჩათვალა, რომ ეს იყო სესხები, რომლებიც ყველა ვარიანტში გაფუჭდებოდა. რა თქმა უნდა, ამან შეამცირა საბანკო სისტემის მოგება, მაგრამ ამან ბანკებს დაანახა, რომ მთლიანად პანდემიის შემთხვევაში რა შედეგები დადგებოდა. ეს დანაკარგები უკვე ასახულია მათ ფინანსურ ანგარიშებში.

უნდა ჩავთვალოთ, რომ ფინანსური სექტორისათვის წლევანდელი წელი უფრო უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე შარშანდელი. თითქმის იმ დონეზე გადის გაფუჭებული სესხები, რის შესახებაც ჩვენ გავაკეთეთ შეფასება,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

2020 წლის 11 თვის განმავლობაში ქართული ბანკების ჯამური ზარალი 1.4 მილიონი ლარი იყო. სექტორის ზარალის მიზეზი 2020 მარტში განხორციელებული ფინანსური ოპერაციაა, რადგან მარტში ბანკებმა მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების ბუფერში 1.2 მილიარდი ლარი დაარეზერვეს. ეს ქვეყანაში მოსალოდნელი კრიზისის წინ, საკრედიტო დანაკარგებისთვის რესურსების წინასწარ ჩამოწერას წარმოადგენდა. 

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით კი, საბანკო სისტემა მოგება-ზარალის თვალსაზრისით 0-თან ახლოს იქნება. ამის შესახებ მან "Forbes კვირასთან" ინტერვიუში 2020 წელს საბანკო სექტორზე პანდემიის გავლენაზე საუბრისას განაცხადა.