მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: ვფიქრობ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება მოგვიწევს

600cb061b4d11
შოთა ტყეშელაშვილი
24.01.21 09:30
945
“დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ გამკაცრტებული მონეტარული პოლიტიკის დონის შენარჩუნება მოგვიწევს. არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკის გამკაცრებაც გახდეს გასაკეთებელი,”- Forbes Talks-ის ეთერში განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 3 თებერვალს უნდა მიიღოს. სავარაუდოდ, ამ სხდომის შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნდება.

“მიუხედავად იმისა, რომ მიზნობრივ ინფლაციასთან საკმაოდ ახლოს ვართ, ვფიქრობ, რომ გამოწვევები კიდევ არსებობს. 2021 წელს არსებობს გლობალური ეკონომიკის ზრდის პოზიტიური მოლოდინები და ამან შეიძლება გარკვეული წნეხი გააჩინოს ინფლაციაზე. მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდის მოლოდინის გამო ნავთობის ფასებიც იმატებს.

ჩვენ გავაანალიზებთ ყველა იმ მოცემულობას, რომელიც გვექნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის წინ და შეხვედრა 3 თებერვალს არის ჩანიშნული და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ის გარემოება, რის გამოც 2020 წლის დეკემბრისთვის ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად შემცირდა, ეს იყო ერთჯერადი ფაქტორით გამოწვეული, რაც დაკავშირებულია კომუნალური ტარიფის სუბსიდირებასთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ ვახდენთ რეაგირებას ინფლაციის მაჩვენებლის ერთჯერადი ფაქტორების გამო გადახრაზე. იანვარ-თებერვლის შემდეგ ეს ფაქტორი აღარ იმოქმედებს.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ გამკაცრტებული მონეტარული პოლიტიკის დონის შენარჩუნება მოგვიწევს. არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკის გამკაცრებაც გახდეს გასაკეთებელი. შერბილებაზე მეტად მოლოდინი მაქვს, რომ იმ განაკვეთის შენარჩუნება გახანგრძლივდეს,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

კითხვაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე ლარიზაციის მაჩვენებელზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდას სებ-ის პრეზიდენტი პასუხობს, რომ თუკი ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი უფრო დაბალი იქნებოდა, მაშინ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება შეეძლებოდა.

“დღეს რომ არ გვქონდეს ეკონომიკის ასეთი მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებელი, მაშინ გვექნებოდა შესაძლებლობა, რომ შეგვერბილებინა მონეტარული პოლიტიკა. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მიწოდების ფაქტორში მონაწილეობს დოლარში ნომინირებული სესხები, როდესაც გაუფასურება ხდება იზრდება ხარჯები მომხმარებლებისთვის, მწარმოებლებისთვის ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც არ იძლევა საშუალებას, რომ მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს,”- აცხადებს გვენეტაძე.

რეფინანსირების განაკვეთი 2020 წლის 5 აგვისტოს სხდომის შემდგომ 8%-ზეა, მას შემდგომ სებ-მა განაკვეთის უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება ორჯერ მიიღო.