მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძემ 7-წლიანი პრეზიდენტობის ანგარიში წარადგინა

63fcbb9fcff55
BM.GE
27.02.23 18:17
795
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მისი 7-წლიანი პრეზიდენტობის ანგარიში წარადგინა. შემაჯამებელ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საფინანსო სექტორის, აკადემიური წრეების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოსვლაში, კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეროვნულ ბანკში განხორციელდა.

კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ამ წლების განმავლობაში არსებულ გამოწვევებზე და თუ რამდენად სწრაფი და ადეკვატური იყო რეაგირება ეროვნული ბანკის მხრიდან. მისი თქმით, ეროვნული ბანკი, ამ პერიოდში, ქვეყნის თითოეულ მოქალაქესთან, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორთან ერთად, გამოწვევებთან, სირთულეებთან ბრძოლისა თუ წარმატებების უშუალო მონაწილე იყო.


"ამ 7 წლიან პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ერთმანეთს მიდევნებული გარე შოკების მთელი კასკადი ვიხილეთ: როგორც გლობალური ფორსმაჟორები - პანდემია, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, დოლარის ყველა ვალუტასთან მიმართებით ისტორიული გამყარება, ნავთობის ფასების ისტორიული მაქსიმუმი, თქვენ წარმოიდგინეთ, პირველად ისტორიაში, ნავთობზე უარყოფითი ფასიც კი დაფიქსირდა, ასევე შიდა კრიზისები - 2019 წელს შეწყვეტილი ფრენები, რამაც შემდგომ ნეგატიურად იმოქმედა მოლოდინებსა და შესაბამისად ეროვნული ვალუტის კურსზე. მაღალი ინფლაცია გახდა აშკარა საფრთხე და ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გამოწვევა, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, განვითარებული ქვეყნებისთვისაც. განსაკუთრებით ასეთ პერიოდშია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზე ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის წინაშე. თუმცა, ძალისხმევა არ დაგვიკლია და სირთულეებს თავი გავართვით, უფრო მეტიც - გამოწვევები ბევრ შემთხვევაში წარმატებად ვაქციეთ. ეროვნულმა ბანკმა მიიღო და გაატარა ადეკვატური, თანმიმდევრული და დროული ზომები იმ გლობალურ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომელთა წინაშეც დღეს მსოფლიო დგას. კარგად მესმის, რომ სირთულეები კვლავ არის, თუმცა, ჩვენს მიერ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის გარეშე, დამერწმუნეთ, დღეს სურათი გაცილებით მძიმე იქნებოდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეხვედრის დასასრულს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყველა სექტორის წარმომადგენელს შვიდწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღნიშნა ეროვნული ბანკის თანამშრომლების დამსახურება: "თქვენ უდიდესი მისია გაკისრიათ. ეროვნულ ბანკში თანამშრომლების საკმაოდ დიდი დენადობაა, ამაყი ვარ, რომ ეროვნული ბანკის პროფესიონალთა გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს. მჯერა, რომ ეროვნული ბანკის მდიდარი პროფესიული გამოცდილების მქონე გუნდი მომავალშიც წარმატებით გაართმევს თავს დასახულ ამოცანებსა თუ გამოწვევებს და კვლავაც იქნება: ქვეყანაში ფასების და ფინანსური სტაბილურობის გარანტი; დამოუკიდებელი და ეფექტიანი მარეგულირებელი, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან შედეგებზე; საფინანსო სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის ხელშემწყობი; აღიარებული ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ; საბანკო მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დამცველი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.