30.ნოემბერი .2022 14:40

კობა გვენეტაძემ სსფ-ის რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვაში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძემ სსფ-ის რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვაში მიიღო მონაწილეობა
views 416
უკან

საქართველოს ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების (Regional Economic Outlook) შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც საქართველოში სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი, სელიმ ჩაქირი უძღვებოდა. მიმოხილვა იკვლევს იმ ძირითადი გამოწვევების გავლენას ეკონომიკაზე, რომლის წინაშეც დღეს რეგიონი დგას. ამასთან, მიმოხილვაში მოცემულია სსფ-ის ბოლოდროინდელი პროგნოზები და ის ძირითადი პრიორიტეტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს გაუმკლავდნენ არა მხოლოდ მოკლევადიან გამოწვევებს, არამედ ტრანსფორმაციული აღდგენისთვის მყარი საფუძველი შექმნან.

კობა გვენეტაძემ თავის გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა რეგიონში არსებულ იმ გამოწვევებსა და ეკონომიკურ სირთულეებზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური გუნდი წარმატებით უმკლავდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაღალი დოლარიზაცია მრავალი განვითარებადი ქვეყნის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნების საერთო პრობლემაა და ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. ამასთან, აღინიშნა, რომ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად, ფისკალური კონსოლიდაცია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მნიშვნელოვანია ინფლაციის ტემპის შემცირებისა და მისი მიზნობრივ დონესთან დაახლოებისათვის.

"დოლარიზაციის საკითხზე საქართველოს ეროვნულ ბანკს დიდი ხანია მტკიცე პოზიცია აქვს და კრიტიკულ - თუმცა საკმაოდ არაპოპულარულ - ზომებს იღებს. კერძოდ, წელს, უცხოურ ვალუტაში შუამავლობის გაძლიერების აღსაკვეთად აშშ დოლარითა და ევროთი მოზიდულ სახსრების სავალდებულო რეზერვებზე დარიცხვა გავაუქმეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის და ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთებმა მატება დაიწყო. ეს, ფაქტობრივად, მაკროპრუდენციული ინსტრუმენტია, რომელიც ბანკებს უცხოური ვალუტით შუამავლობისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს, და აღნიშნული ბიძგი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მაღალია ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის განაკვეთები. ბოლო მონაცემები მიუთითებს, რომ ეს მართლაც დაეხმარა საკრედიტო აქტივობის შენელებას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მან ასევე აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამების მნიშვნელობა. "მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. ფონდის მხარდაჭერა გადამწყვეტია მსგავს სიტუაციებში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამები არა მხოლოდ ფინანსურად დაეხმარა საქართველოს (მაგალითად, პანდემიის დროს), არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, გაამყარა ნდობა ჩვენი მაკროპოლიტიკის მიმართ. მოხარულები ვართ, რომ ქვეყანაში ფონდის მხარდაჭერილი პროგრამა ამჟამადაც გვაქვს - ეს პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს ფინანსური სისტემის სანდოობას, ინვესტიციებს და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა