მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძის და ჯიჰად აზურის შეხვედრა სტუდენტებთან

62c6f3510e305
BM.GE
07.07.22 20:00
452
საქართველოსა და რეგიონში არსებული გამოწვევები, რუსეთ - უკრაინის ომის გავლენები და გლობალური ეკონომიკა - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა ჯიჰად აზურმა სტუდენტებთან განიხილეს.

შეხვედრის გახსნისას კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამ, გლობალურად ინფლაციური წნეხი გაამწვავა და გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები გააუარესა. უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულის, საკვები პროდუქტებისა და ნავთობის გაძვირება გამოწვია. შედეგად, გლობალურად ინფლაციური წნეხი წარმოიქმნა და საქართველოშიც ინფლაცია მოსალოდნელზე მაღლა შენარჩუნდა. რომ არა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მარტიდან ინფლაციის შემცირება იყო მოსალოდნელი. კობა გვენეტაძემ აქვე აღნიშნა, რომ გლობალური მასშტაბით არსებული მაღალინფლაციური გარემოს პირობებში, ეროვნული ბანკი ინფლაციის შემცირებაზე ფოკუსირებული რჩება. მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა გამკაცრებულია და რეგიონის ქვეყნებიდან რეალური პოლიტიკის განაკვეთი საქართველოში ყველაზე მაღალია. საგარეო ფაქტორების მილევისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

ამასთან, კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა მიმდინარე გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე და ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. "ჩვენი მაკროპრუდენციული პოლიტიკა ფინანსური სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით გაიარა და რუსეთ - უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი შესაძლო საფრთხეების საწინააღმდეგოდ კაპიტალის მყარ ბუფერებს ინარჩუნებს. პანდემიამდელ პერიოდში კაპიტალისა და ლიკვიდობის დამატებითი მოთხოვნების დაწესებამ, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ წესის შემუშავებამ და დედოლარიზაციის ღონისძიებების განხორციელებამ კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერების დაგროვება და აქტივების მაღალი ხარისხი განაპირობა. ამავდროულად, როგორც სტრეს-ტესტის ბოლო შედეგებმა აჩვენეს, საბანკო სექტორი ყველაზე მძიმე და ექსტრემალური რისკის სცენარების დროსაც კი ინარჩუნებდა მედეგობას. და მაინც, ომისა, სანქციების და ჯერ კიდევ მიმდინარე კოვიდ - 19 პანდემიის გამო, რეგიონში გაურკვევლობა ნარჩუნდება. თუმცა, მიუხედავად ასეთი გამოწვევებისა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა შესაძლებლობა გვაქვს საიმისოდ, რომ გავატაროთ კონტრციკლური ღონისძიებები, როგორც ეს წარმატებით შევძელით პანდემიის დროს, და ხელი შევუწყოთ ფინანსური სექტორის სტაბილურობას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ჯიჰად აზურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე, დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის საქმიანობა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

"საქართველოში პირველად ვარ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია გავრცელდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გამეგო, როგორ უმკლავდება ეკონომიკა კოვიდ -19-ითა და უკრაინის ომით გამოწვეულ შოკებს, იმ გლობალური სირთულეების პარალელურად, რომელთა მართვას ყველა ვცდილობთ. როგორც თქვენთვის ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოსთან ახალი პროგრამა აქვს, Stand-by Arangement (მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც თანხის ჩამორიცხვას, ამ ეტაპზე, არ ითვალისწინებს), რომელიც, ვიმედოვნებთ, საქართველოს სტაბილურობის გამყარებასა და გარედან მომდინარე შოკებთან გამკლავებაში დაეხმარება. ასევე, პროგრამა საქართველოს იმ ახალი რეფორმების ხელშესაწყობად გამოადგება, რომლებიც მის ეკონომიკას უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, საშუალოვადიან პერსპექტივაში კი ქვეყანას ტექნოლოგიური გარდაქმნების განხორციელება შეეძლება. ეს ეკოლოგიურად სუფთა სექტორებია, რომლებიც ეკონომიკას მეტი სამუშაო ადგილის შექმნისკენ უბიძგებს. დღეს საშუალება გვაქვს, სტუდენტებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც მომავალში ქვეყანას სათავეში ჩაუდგებიან, ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი ეკონომიკურ გამოწვევებს; ასევე განვიხილოთ ის, თუ როგორ ხედავენ ისინი საკუთარ მომავალს ამ სამყაროში, რომელიც სრული ტრანსფორმაციის პროცესშია და რა სირთულეებს აწყდებიან ისინი ამ დროს. ჩვენ, როგორც ფონდმა, ამის შესახებ მოსაზრებები მათგან უნდა მოვისმინოთ”, - განაცხადა ჯიჰად აზურმა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა შეხვედრები გამართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
(NS)