მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძის ბლოგი დოლარიზაციის შესახებ

5ee88c480f5cc
BM.GE
16.06.20 13:35
1150
bm.ge-ი ბლოგს სრული სახით გთავაზობთ:

კობა გვენეტაძე - დოლარიზაცია საქართველოში:

"ფინანსური სექტორის დოლარიზაცია, რაც ადგილობრივი ბიზნესისა და მოსახლეობის ეროვნული ვალუტის ნაცვლად რომელიმე სხვა უცხოური ვალუტით დაკრედიტებასა და დეპოზიტების მოზიდვაში გამოიხატება - მსოფლიოს მრავალი განვითარებადი ქვეყნისათვის ერთ - ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. ფაქტია, რომ ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. ზოგადად, დოლარიზაციის წარმოშობა ისტორიულად მაკროეკონომიკურ არასტაბილურობასა და ჰიპერინფლაციურ პერიოდებს უკავშირდება. ასეთი პერიოდებში, მაღალი გაურკვევლობის გამო, ადგილობრივი ვალუტით ფინანსური შუამავლობა რთულდება და მას უფრო სტაბილური ვალუტა ანაცვლებს. საქართველოშიც დოლარიზაციის წარმოშობა 90-იანი წლების მაკროეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდის გამოცდილებას უკავშირდება. გარდა ამისა, 2000-იანი წლების დასაწყისში ქართული კომერციული ბანკების წვდომა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე გაიზარდა. ბანკები არარეზიდენტი ბანკებიდან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უცხოური ვალუტის საკრედიტო რესურსს იზიდავდნენ, რაც, ასევე, ხელს უწყობდა ქვეყანაში უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდას.

ისეთ მცირე და ღია ეკონომიკის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, მაღალი დოლარიზაცია მრავალი პრობლემის გამომწვევია. კაპიტალის თავისუფალი მობილობის პირობებში, რაც აუცილებელია ქვეყანაში პროდუქტიულობისა და, შედეგად, ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის მისაღწევად, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობა ოპტიმალური არჩევანია. მცირე ზომის ღია ეკონომიკა, რომელიც ინტეგრირებულია გლობალურ ეკონომიკასთან, საგარეო პირობების ნებისმიერ ცვლილებაზეა დამოკიდებული. გაცვლითი კურსის მოქნილობა ქვეყანას საშუალებას აძლევს, შეამციროს ამ ე.წ. საგარეო შოკების უარყოფითი გავლენა რეალურ ეკონომიკაზე. შესაბამისად, მცურავი გაცვლითი კურსი შოკების შემარბილებელ ფუნქციას ასრულებს და ეკონომიკას შოკის მინიმალური დანახარჯებით დაძლევაში ეხმარება. მეორე მხრივ, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, ადგილობრივ მსესხებლებს, რომელთაც სესხი უცხოური ვალუტით აქვთ, სავალუტო რისკი წარმოექმნებათ. ამ მსესხებელთა უმეტესობას, განსაკუთრებით კი მცირე ზომის მსესხებლებს, ამ რისკის მართვის შესაძლებლობა არ აქვთ, რაც, შედეგად, საბანკო სექტორში საკრედიტო რისკებს ზრდის. გარდა ამისა, კომპანიების სესხების მაღალი დოლარიზაცია ინფლაციის მერყეობასაც ზრდის. საგარეო ან საშინაო შოკების დროს კურსის გაუფასურებისას, ქვეყანა იღებს დამატებით შოკს, რის გამოც ჩნდება შედარებით მკაცრი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საჭიროება. ამრიგად, დოლარიზაციის გამო შოკი დამატებით ღრმავდება და ვიღებთ ე.წ. “ორმაგი შოკის” ეფექტს: საგარეო ან საშინაო შოკის დროს შემოსავლები უფრო მეტად მცირდება, უმუშევრობის დროს კი, უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ეს დაბალი დოლარიზაციისას იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მაღალი დოლარიზაცია ქვეყნისთვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

სავალუტო (და მისგან მომდინარე საკრედიტო) რისკთან ერთად დოლარიზაცია ლიკვიდობის რისკებსაც ზრდის. ცენტრალური ბანკის შესაძლებლობა, შეასრულოს ბოლო ინსტანციის მსესხებლის როლი, მაღალი დოლარიზაციისას შეზღუდულია. კერძოდ, ცენტრალურ ბანკს შეუძლია კომერციულ ბანკებს ადგილობრივი ვალუტით ლიკვიდობა ულიმიტოდ მიაწოდოს, მაგრამ უცხოური ვალუტით დაფინანსება სავალუტო რეზერვების მოცულობით არის შეზღუდული. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ბანკები იძულებულნი არიან შეინარჩუნონ უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მაღალი ბუფერები. ეროვნული ვალუტისგან განსხვავებით, უცხოური ვალუტის ლიკვიდობის ბუფერების შექმნა ხარჯიანია, რის შედეგადაც ქვეყანაში გრძელვადიანი ფინანსური რესურსი ძვირდება.

ამავე დროს, დოლარიზაცია ამცირებს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას. მაღალი დოლარიზაციისას ცენტრალურ ბანკს პროცენტის უფრო მეტად გაზრდა/შემცირება უწევს, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში დასჭირდებოდა. დოლარიზაციის გამო პროცენტების უფრო მკვეთრად გაზრდა - შემცირება კი ეკონომიკის უფრო მაღალ მერყეობას იწვევს და, შედეგად, ამცირებს გრძელვადიან ზრდას.

ამ და სხვა პრობლემების გამო, დოლარიზაცია ხელს უშლის საქართველოს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასაც. საკრედიტო რეიტინგი პირდაპირ აისახება საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული რესურსის ფასზე. რაც უფრო მაღალია ქვეყნის რისკი, მით უფრო მაღალია კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ მოზიდული კრედიტის ფასი და ნაკლებია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. შესაბამისად, ნაკლებია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალიც.

ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო, დოლარიზაციის პირობებში ეკონომიკა უფრო მეტი რყევებითა და მაკროეკონომიკური არასტაბილურობით ხასიათდება, რაც, საბოლოოდ, უფრო დაბალ შემოსავლებსა და მაღალ უმუშევრობაში აისახება. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური სექტორის დოლარიზაცია, პირველ რიგში, პრობლემებს უქმნის დოლარის მსესხებლებს და ამავდროულად, უარყოფითად ისახება მთლიან ეკონომიკაზე. შესაბამისად, ზარალდება მოსახლეობის ყველა სეგმენტი, მათ შორის, ისინიც, ვისაც სესხი საერთოდ არ აქვს.

ასეთი მაღალი და ფუნდამენტური რისკების გამო, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია, დოლარიზაციასთან გამკლავება. დოლარიზაციის პრობლემის მიმართ საერთაშორისო გამოცდილება განსხვავებულია. მრავალმა ქვეყანამ ან თავიდანვე წარმატებით აიცილა საფინანსო სექტორის დოლარიზაცია, ან ის თანმიმდევრული საბაზრო რეფორმებით აღმოფხვრა. რიგმა ქვეყნებმა კი, კრიზისული პერიოდების შემდეგ, ადმინისტრაციული ზომების გამოყენებით მოაგვარა დოლარიზაციის პრობლემა. თუმცა მრავალ ქვეყანაში, მიუხედავად რეფორმებისა და ადმინისტრაციული ზომებისა, საფინანსო სექტორის დოლარიზაცია კვლავ მაღალი რჩება.

მსოფლიო პრაქტიკიდან ცხადია, რომ დოლარიზაციის პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, საფინანსო სექტორისა და ბაზრების განვითარება და, ბაზრის ჩავარდნის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ზომების გამოყენება.

საქართველოში ლარიზაციის ღონისძიებები მოიცავს ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდას, სავალუტო რისკების ადეკვატურ გადანაწილებასა და ლარით ფასდადების ხელშემწყობ ღონისძიებებს. ფასების სტაბილურობა ეროვნული ვალუტის ნდობის გასაძლიერებლად და ლარიზაციის გასაზრდელად კრიტიკულად მნიშნელოვანია. საქართველო ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმზე 2010 წლიდან გადავიდა, რის შემდეგაც ინფლაცია თვალსაჩინოდ შემცირდა და ბოლო 10 წლის განმავლობაში მისი დონე საშუალოდ 3.6%-ია, რაც საკმაოდ დაბალია. ამავე პერიოდის განმავლობაში, ეროვნული ბანკი, საქართველოს მთავრობასთან ერთად ფინანსურ სექტორში ლარის გრძელვადიანი ინსტრუმენტების შექმნას უწყობდა ხელს. შესაბამისად, მცირდებოდა ფინანსური სექტორის დოლარიზაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2009 წლიდან სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების განახლება და შემდგომ, ეტაპობრივად, ვადიანობისა და მოცულობების ზრდა. აღნიშნული აუცილებელია ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისათვის. 2016 წელს სებ-მა და მთავრობამ შეიმუშავეს კაპიტალის ბაზრების განვითარების ერთობლივი სტრატეგია, რაც შემდგომ რამდენიმე წელზე იყო ორიენტირებული და თითქმის სრულად განხორციელდა. ამავდროულად, კომერციული ბანკებისათვის სებ-ის მიერ უზრუნველყოფილია ლიკვიდობის რისკების მართვის ინსტრუმენტები. შესაბამისად, ბანკები ლარის ლიკვიდობის მართვას უფრო ეფექტიანად ახორციელებენ, რაც საშუალებას აძლევთ, მომხმარებლებს ლარის გრძელვადიანი სესხები შესთავაზონ.

აღნიშნულმა ნაბიჯებმა პოზიტიურად იმოქმედა დედოლარიზაციის ტენდენციაზე, შემცირებულია როგორც მთლიანი სესხების, ასევე დეპოზიტების დოლარიზაცია. განსაკუთრებით მნიშნელოვანია ფიზიკური სესხების დედოლარიზაციის ტენდენციები, რადგანაც სწორედ ფიზიკური პირები არიან ყველაზე მოწყვლადნი სავალუტო რისკების მიმართ. ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 2010 წელთან შედარებით 40 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული (კურსის ეფექტის გამორიცხვით ეს მაჩვენებელი განახევრებულია), 2016 წლის ბოლოდან კი, ის 18 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია გარკვეული მერყეობით გამოირჩევა, რადგან დოლარიზაციის შემცირებას მაკროეკონომიკური რისკების შემცირება და, შესაბამისად, უცხოური ვალუტით მოზიდულ რესურსზე პროცენტების შემცირება მოჰყვება, რის შედეგადაც ბანკებს ჭარბი უცხოური ვალუტა უჩნდებათ. აღნიშნული კი გარკვეული პერიოდით უცხოური ვალუტით დაკრედიტების გააქტიურებასა და სესხების დედოლარიზაციის შენელებას იწვევს, რაც ხშირად დედოლარიზაციის პოლიტიკის კრიტიკის საფუძველი ხდება ხოლმე. მიუხედავად ამ მერყეობებისა, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური სისტემის დოლარიზაციის შემცირების პროცესი გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს. ბუნებრივია, დოლარიზაცია ნულამდე არასდროს არ შემცირდება და ეს არც არის მიზანი. თუმცა, აუცილებელია, უცხოური ვალუტის სესხების წილის შემცირება იმ დონემდე, რომ საგარეო შოკის დროს დოლარიზაცია არ იწვევდეს შოკის გაძლიერებასა და მაკროეკონომიკური ინსტრუმენტებით შესაძლებელი იყოს საგარეო შოკების მაქსიმალურად შერბილება.