მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოდალა“ სოციალური მეწარმეოების სკოლას ხსნის - დამფუძნებელი

6130dcf4ac007
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.21 10:33
1009
საქართველოში სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირმა ივნისში სოციალურ საწარმო „კოდალას“ 100 000-ლარიანი გრანტი გადასცა, რომლის საშუალებითაც კომპანია გადაიარაღდა და წარმადობაც გაზარდა. სწორედ საწარმოს ბაზაზე, რომელიც ავლაბარში მდებარეობს, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან „კოდალა“ სოციალური მეწარმეობის სკოლის გახსნას გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი კოტე სვანაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტმა მათ სოციალური სკოლის გახსნის იდეა გაუჩინა.

„ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში მივიღეთ გარკვეული ტექნიკური დახმარება, რომლის საფუძველზე ვხსნით სოციალური მეწარმეობის სკოლას, სადაც პროფესიული კადრების გადამზადება მოხდება. ჩვენს კურსდამთავრებულებს როგორც ჩვენთან, ასევე სხვაგან დასაქმების საშუალება ექნებათ.

თვის განმალობაში 50 ადამიანის გადამზადება იგეგმება. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3-დან 6 თვემდე იქნება. დღეისთვის ტექნიკური საკითხების ორგანიზება მიმდინარეობს და ვფიქრობთ, მოსწავლეების მიღებას ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შევძლებთ“, - განმარტავს „კოდალას“ ხელმძღვანელი.

მისი ინფორმაციით, გადამზადების პროცესი რეგიონებსაც მოიცავს და პროცესი კახეთიდან დაიწყება.

„სკოლაში პროფესიული მიმართულებით კადრებს გადავამზადებთ, რომლის ფარგლებშიც რეგიონებსაც მოვიცავთ. პირველ ეტაპზე კახეთში შეირჩევიან მსურველები, რომლებიც თბილისში არსებულ სკოლაში გაივლიან გადამზადებას, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი რეგიონს დაუბრუნდებიან „კოდალას“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის შესაძლებლობაც მოგვეცემა“, - თქვა კოტე სვანაძემ.