24.აგვისტო .2019 20:20

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

views 354
უკან

თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.

დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

პროექტის თანახმად, ახალგაზრდული სოფელი იქნება თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო, სტუდენტური და ახალგაზრდული, სპორტული და სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის ბაზა საგანმანათლებლო, სამუშაო, შემეცნებითი, კულტურულ-გასართობი პროექტებისთვის, სპორტული შეკრებებისთვის.

კომპლექსს ექნება საცხოვრებელი, დაახლოებით 300 ბენეფიციარის ერთდროულად განთავსებისთვის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა, საფესტივალო და სარეკრეაციო სივრცეები, ღია და დახურული ნაგებობები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური ახალგაზრდული ღონისძიებების განსახორციელებლად.

ახალგაზრდული სოფელის ბაზაზე განხორციელდება საზაფხულო და ზამთრის სკოლები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, სემინარები, ტრენინგები, ბანაკები, სპორტული და კულტურული ფესტივალები, იქნება შესაბამისი თემატური სივრცეები სხვადასხვა ჯგუფების მუშაობისთვის (სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციების არაფორმალური განათლების აქტივობები, ტექნოლოგიების მიმართულება, სტარტაპერები, სახელოვნებო ჯგუფები, სპორტული კლუბები).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა