მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კომბუჩა“ "ნამუსგან": "ყოველკვირეულად 300-დან 500 ლიტრამდე სასმელს ვაწარმოებთ"

60a3ca1fd7893
ვიქტორია მღებრიშვილი
18.05.21 21:25
1785
კვების ობიექტების ქსელმა „ნამუმ“, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ჯანსაღი კვების პროპაგანდას ეწევა და ამასთან ერთად საქართველოში იაპონურ ფერმენტირებულ, გამაგრილებელ სასმელ კომბუჩას აწარმოებს, პროდუქტი დაბრენდა და რამდენიმე თვეა, რაც სხვადასხვა ობიექტებზე „კომბუჩას“ სახელით ყიდის.

კომპანია ყოველკვირეულად 300-დან 500 ლიტრამდე სამი სახეობის - ლავანდის, ჯანჯაფილის და მარწყვის შუშხუნა, გამაგრილებელ სასმელს აწარმოებს, 0.33 მილილიტრიან შუშის ბოთლებში ასხამს და სხვადასხვა კვების ობიექტებსა თუ საცალო გაყიდვის ქსელში ყიდის.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას „ნამუს“ დამფუძნებელი ანა ტიკარაძე აღნიშნავს, სასმელის დაბრენდვის გადაწყვეტილება მისი პოპულარიზაციისა და უფრო ფართო მასშტაბებზე გასვლისთვის მიიღეს.

„საქართველოში პირველები ვიყავით ვინც ამ სასმელის წარმოება დაიწყო. მსოფლიოში კომბუჩას მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, საქართველოში კი ამ სასმელს დიდად არ იცნობენ, თუმცა 2016 წელთან შედარებით მის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო. კომბუჩას „ნამუს“ დაფუძნების შემდეგ ვაწარმოებთ, თუმცა დღეს უკვე მისი დაბრენდვა გადავწყვიტეთ, რათა უფრო დიდ მასშტაბებზე გავსულიყავით. ჩვენი წარმოების ფერმენტირებული სასმელი „ნამუს“ გარდა „ბრედ ბარში“, აკურასანში, თბილი სიოში, Food & Market-ში, Surf'n Fries და მაღაზიებში „ორგანიკაში“ და "ჯორჯიტაში" იყიდება", - უთხრა BM.GE-ს ანა ტიკარაძემ.

დღეისთვის წარმოებაში ხუთი ადამიანია დასაქმებული, ხოლო მომხამრებელს სამი სახეობის „კომბუჩას“ შეძენა 5.5 ლარად შეუძლიათ. „ნამუს“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანიის უპირველეს გეგმას ადგილობრივი ბაზრის ათვისება წარმოადგენს, ხოლო ამის შემდეგ ექსპორტზე გასვლაც იგეგმება.