25.მარტი .2021 13:10

„კომენდანტის საათი ქართული ველოსიპედის გამოგონება არაა“ - როდის მოიხსნება შეზღუდვა

„კომენდანტის საათი ქართული ველოსიპედის გამოგონება არაა“ -  როდის მოიხსნება შეზღუდვა
views 2816
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კომენდანტის საათის შეზღუდვის გადახედვის საკითხი შესაძლოა მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გადაიხედოს.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილება თუ არა კომენდატის საათის გადახედვა იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა თავშეყრის ადგილებში კომენდანტის საათის მოახლოება მოქალაქეების დიდ მობილობას იწყვევს, პასუხად ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ამ შეზღუდვის მოხსნა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

„კომენდანტის საათი არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება. ის პანდემიების დროს, შემზღუდველ ღონისძიებებში, სხვა შეზღუდვებთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება. მესმის, რასაც მეკითხებით და მეტი ინფორმაციაა საჭირო, რომ იმ ადამიანებმა, რომელებიც ავტობუსში ან მეტროში მრავლად არიან პირბადეები, რაც შეიძლება მაქსიმალურად ატარონ.

კომენდანტის საათის შემთხვევაში ვთქვით, რომ მიმდინარეობს ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება. ახლა არ არის საგანგაშო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მაჩვენებლები გაუარესდა და თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით მარტი-აპრილში ვივლით, დარწმუნებული იყავით, რომ მაისში კარგი იმედით შევალთ. დარწმუნებული იყავით, რომ მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში კომენდანტის საათის გარკვეულ ცვლილებებზეც შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ და განიხილოს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი მოწოდება მთავარი რეკომენდაციების დაცვაა“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.