06.დეკემბერი .2021 21:35

“კომერციული ფართების გაქირავების კუთხით მდგომარეობა 2022 წლის გაზაფხულიდან გაუმჯობესდება” - ასოციაცია

“კომერციული ფართების გაქირავების კუთხით მდგომარეობა 2022 წლის გაზაფხულიდან გაუმჯობესდება” - ასოციაცია
views 259
უკან

"ქირავდება" - ამ წარწერას დღეს ბევრი კომერციული ფართის შენობაზე შეხვდებით. ძირითადად ქირავდება ის ფართები, სადაც ადრე ოფისი, რესტორანი, სალონი, ან კაფე იყო განთავსებული. რეალტორების თქმით, კომერციული ფართების გაქირავების ძირითადი მიზეზი პანდემიის გამო ამ აქტივების არამომგებიანობა გახდა, ხოლო ამჟამად მისი დროებითი მფლობელები არსად ჩანან, ამ შემთხვევაშიც მიზეზი კვლავ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემოა.

“საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს” წევრი ნატო ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ კომერციული ფართების გაქირავების თვალსაზრისით მდგომარეობა 2022 წლის გაზაფხულიდან გაუმჯობესდება, რადგან ამ დროს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი.

“პანდემიამ გარკვეული ბიზნესები დააზარალა და ამაზე ყველანი ვთანხმდებით. განსაკუთრებით ტურისტული სექტორის გარდა, ეს სიტუაცია სარესტორნე ბიზნესს შეეხო. აქედან გამომდინარე, ბევრი ცენტრალური ქუჩის ფართი, რომელიც რესტორნებს ეკავა, ამჟამად ვაკანტურია. თუმცა სიტუაციის დასტაბილურებისთანავე, რომელიც ჩვენი ვარაუდით, წესით 2022 წლის გაზაფხულიდან იქნება, ეს ფართები აუცილებლად გაქირავდება.” - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ახლა ბიზნესებს კონკრეტული საჭიროებების მოკვლევის პერიოდი აქვთ.

“ქირავნობაზე მომართვიანობის მოთხოვნა არ შემცირებულა და იგივეა რაც მეორე, მესამე კვარტალში, თუმცა ტრანზაქციების რაოდენობა შემცირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესებს ამჟამად მოკვლევის პერიოდი აქვთ და ცდილობენ განსაზღვრონ სად ურჩევნიათ მათ ახალი ადგილმდებარეობის შერჩევა.” - აღნიშნა ნატო ბოჭორიშვილმა.