მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომისია აცხადებს, რომ ბაზარზე TV რეიტინგების ორი მთვლელის და განსხვავებული რეიტინგების არსებობა საზიანოა

60673530ac449
შოთა ტყეშელაშვილი
02.04.21 19:22
1398
საქართველოს სატელევიზიო ბაზარს ორი სარეიტინგო კომპანია "TV MR საქართველო" და "TMI" აფასებენ; ორივე კომპანია საერთაშორისო სარეიტინგო ქსელების ნაწილს წარმოადგენს. "TV MR საქართველო" "ნილსენის", "TMI" კი "კანტარის" ქსელის წარმომადგენელია.

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ამ სარეიტინგო კომპანიების მიერ გაზომილი რეიტინგები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც ბაზარზე გაურკვევლობას წარმოშობს და მეტიც მის განვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს. კომისიის განცხადების თანახმად, ისინი მზად არიან დააფინანსონ საერთაშორისო აუდიტი, რომელიც ორივე კომპანიას უნდა ჩაუტარდეს და აუდიტის მეშვეობით განისაზღვროს თუ რამდენად სწორ რეიტინგებს აქვეყნებს თითოეული მათგანი. 

კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ TMI ამ აუდიტის ჩატარებას დათანხმდა, TV MR-მა კი მასზე უარი განაცხადა, რისი მიზეზიც ამ სარეიტინგო კომპანიის კლიენტი ტელევიზიების პროტესტი გახდა. კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს უარი TV Pirveli-ს, "ფორმულას", "კავკასიას" და "მთავარი არხის" მხრიდან მომდინარეობდა. 

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ სხვა ბაზრებზე სატელევიზიო რეიტინგებს მხოლოდ 1 კომპანია ზომავს, შესაბამისად, არსებულ ვითარებაში კომუნიკაციების კომისია ბაზარზე არსებულ კონკურენციას პრობლემად მიიჩნევს.

"კომუნიკაციების კომისიის დაფინანსებით სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსს“, რომელიც „კანტარ მედია“-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, საერთაშორისო აუდიტი ჩაუტარდება. კომისიამ საერთაშორისო აუდიტის ჩასატარებლად ტენდერი დღეს გამოაცხადა. სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანიებში საერთაშორისო აუდიტის ჩატარების საჭიროება იმითაა განპირობებული, რომ დღეს საქართველოში ორი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია არსებობს, რომელთა მონაცემებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება. მაშინ, როდესაც საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ყველა განვითარებულ ქვეყანაში სატელევიზიო აუდიტორიას ერთი კომპანია ზომავს.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ბაზარზე ორი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია ოპერირებს, სარეკლამო ბაზარზეც ორი განსხვავებული მონაცემი არსებობს, რაც პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ მაუწყებლებისთვის, არამედ რეკლამის დამკვეთებისთვის. განსხვავებული მონაცემების პირობებში რეკლამის დამკვეთებმა არ იციან რომელია ზუსტი, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ნეგატიურ გავლენას ახდენს სამაუწყებლო სარეკლამო ბაზრის განვითარებაზე.

სარეკლამო ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ, როგორც მაუწყებლობის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელმა უწყებამ, გამოთქვა მზადყოფნა დაეფარა საერთაშორისო აუდიტის ხარჯები, რომლის შედეგებიც სარეკლამო ბაზარზე არსებულ კითხვის ნიშნებს გასცემს პასუხს. კომუნიკაციების კომისიამ ორივე სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანიას შესთავაზა თავად შეერჩიათ საერთაშორისო აუდიტორი. კომუნიკაციების კომისიის შეთავაზებაზე „ტრი მედია ინტელიჯენსმა“ თანხმობა განაცხადა, უფრო მეტიც, TMI-ის ხელმძღვანელობა მზად იყო, მათ კომპანიაში აუდიტი შპს „თი-ვი ემ-არ საქართველოს“ მიერ შერჩეულ საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიას ჩაეტარებინა. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შემდეგ „თი-ვი-ემ-არ საქართველოს“ წარმომადგენლობამ კომუნიკაციების კომისიის შეთავაზება არ მიიღო. ამის მიზეზად კომპანიამ იმ მაუწყებლების პროტესტი დაასახელა, რომლებიც მისი დამკვეთები არიან. კერძოდ, „თი-ვი-ემ-არ საქართველოში“ აუდიტის ჩატარებაზე წინააღმდეგობა „ტელეკომპანია პირველმა“, „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და „კავკასიამ“ დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ რეკლამის დამკვეთი კომპანიებისთვის სარეკლამო ბაზარზე არსებული ორი განსხვავებული მონაცემის არსებობა იწვევს კითხვის ნიშებს, რის გამოც ისინი ბოლო წლებში რეკლამისთვის განკუთვნილ თანხებს არა - მაუწყებლებში, არამედ ციფრული მედიისკენ მიმართავენ, სადაც რეკლამიდან მიღებული სარგებლის გაზომვა აბსოლუტური სიზუსტითაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ ბაზარზე არსებულ რეიტინგების მთვლელ ორივე კომპანიას ჩატარებული ჰქონდეს საერთაშორისო აუდიტი და მათთან დაკავშირებით არ არსებობდეს კითხვის ნიშნები. ვინაიდან აუდიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს კომპანიის გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ქართულ ბაზარზე მსგავსი სახის აუდიტი წლებია არ ჩატარებულა, პრობლემა კი ორი მთვლელის და ვალუტის არსებობის პირობებში აუდიტის ჩატარების გარეშე ვერ გადაიჭრება", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.