მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლს იწყებს

5e58f1c668ef1
BM.GE
28.02.20 14:56
760
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში, იწყებს „გარემოს შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულებისა და ეფექტიანობის შეფასების პროექტს სახელწოდებით „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლი“.

ამ საკითხს მიეძღვნა კომიტეტში დღეს გამართული საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა.

შეხვედრაზე, რომელშიც პარლამენტის თანამშრომლებთან ერთად, ექსპერტები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილებდნენ, დეტალურად გაწერეს სამოქმედო გეგმა და შეიმუშავეს კითხვარი, რომელზე პასუხებიც ნათელს გახდის, თუ რა სახისაა, ანდა სადაა პრობლემები, კანონმდებლობის აღსრულების რომელ ეტაპზე.

პროექტის მიზანია, დაინტერესებული მხარეებიდან ინფორმაციის მოპოვება, თუ რამდენად სრულფასოვნად მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა და არსებობს თუ არა მისი აღსრულების ხარვეზები და შესაბამისი ხელისშემშლელი მიზეზები.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი პარლამენტმა 2017 წელს მიიღო, გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული ნორმები 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, ამასთანავე გზშ-პრაქტიკა საქართველოში მრავლ წელს მოითვლის, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც გაირკვა, წინასწარი მონაცემებით, გზშ-ანგარიშების უმრავლესობის ხარისხი ვერავითარ კრიტიკას უძლებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემული რამდენიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სასამართლოშიც არის გასაჩივრებული.

"სავარაუდოდ იკვეთა პრობლემები, რომლებიც ეხება გზშ-ბის ხარისხს, რადგანაც ისინი რეალურად არ ასახავენ პრობლემებს. პრობლემად აღმოჩნდა გზშ-ზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პროცესის საჯაროობა და სხვა. ამდენად, კომიტეტში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილ იქნეს დასაბუთებული მოსაზრებები გზშ-ანგარიშების ხარისხთან დაკავშირებით.

მოკვლევის შემდეგ, კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ გზშ-პროცედურის სრულფასოვან აღსრულებას და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას განხორციელებული საქმიანობის უარყოფითი ზემოქმედებისგან",- ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის თანამშრომლობით.