მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტმა "ნამახვანჰესის" პროექტის წინააღმდეგ პეტიცია განიხილა და სამინისტროს გაუგზავნა

602baf322b8e1
შოთა ტყეშელაშვილი
16.02.21 15:43
789
დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს "ნამახვანჰესის" პროექტის წინააღმდეგ მოქალაქეთა ხელმოწერილი პეტიცია და მის ეკონომიკის სამინისტროში, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაგზავნას დაუჭირეს მხარი. 

სხდომაზე პეტიცია საინიციატივო ჯგუფის წევრმა ვარლამ გოლეთიანმა წარადგინა. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის კასკადი აშენდება, რიონის ხეობის ბუნებრივ მრავალფეროვნებას გამოუსწორებელი ზიანი მოადგება.

ლიპარტელიანის თქმით, სწორედ ამიტომ უკვე 110 დღეზე მეტია ადგილზე პროტესტი გრძელდება, რითიც ისინი ინვესტორი კომპანიის მიერ პროექტის განხორციელებას აფერხებენ.

საინიციატივო ჯგუფის მიერ შედგენილ პეტიციას ხელს 10 135 ადამიანი აწერს. ნამახვანთან ერთად, პეტიცია ონის კასკადის პროექტსაც ეხება. 

"იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტის კომიტეტს არ აქვს ადამიანური რესურსი იმისა, რომ ასეთ სიღრმეებში შეყვეს ამ საკითხის განხილვას, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაუგზავნოს შესაბამის სამინისტროებს რადგან უპასუხოს პეტიციის ავტორებს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც წარმოდგენილი იქნა პეტიციის ფარგლებში,"- განმარტავს კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.



მდინარე რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას მოქალაქეების გარკვეული ნაწილი აპროტესტებს. გასული წლის 29 ოქტომბერს ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აქციების მონაწილეები ტერიტორიიდან "ნამახვანიჰესის" ინვესტორის - კომპანიის „ენკას“ წასვლას ითხოვენ. 

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2020 წლის საქართველოს მოხმარების 12,3% -ს შეადგენს