მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია ENKA-ს წასვლას რიონის ხეობის მცველები შემაჯამებელი საპროტესტო აქციით აღნიშნავენ

62548dc5ef69b
BM.GE
12.04.22 00:48
3264
კომპანია ENKA-ს წასვლას რიონის ხეობის მცველები შემაჯამებელი საპროტესტო აქციით აღნიშნავენ. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს.

"მეგობრებო, კომპანია ENKA, ნამოხვანის ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ტოვებს რიონის ხეობას. ჩვენი პროტესტის კარვების ეტაპიც დასასრულს უახლოვდება. გულწრფელი მადლობა მთელ საზოგადოებას, რომელმაც გაიზიარა ნამოხვანის პრობლემა, გამოიჩინა გონიერება, მოთმინება, სიყვარული და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და იშვიათია ხოლმე - ერთიანობა და გამძლეობა გრძელვადიან ომში. ვფიქრობთ, სწორედ ეს არის ამ პროტესტის მთავარი მონაპოვარი.

ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლება, ასევე მთელი პოლიტიკური სპექტრი არ ცვლის მიწის, წყლის და სხვა რესურსების არაეროვნული და არასახელმწიფოებრივი განკარგვის პოლიტიკას, ცდილობს, დოკუმენტალურად, უკვე პარლამენტის გავლით შეინარჩუნოს ისეთი გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი პროექტები, როგორიც ნამოხვანია და ასე აცოცხლოს დღეს არსებული ძარცვის პოლიტიკა.

ჩვენ არჩევანი არ გვაქვს - თუ მოვდუნდებით, ყველაფერი, რაც მიღწეულია, გაბათილდება. ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა ყველა ის სისტემური პრობლემა, რაც ნამოხვანის პროტესტმა ცხადჰყო, საფუძველშივე აღმოიფხვრას.

7 მაისს, 14:00 საათზე, გუმათში გაიმართება კარვებით პროტესტის შემაჯამებელი აქცია, გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი ემოციები და თქვენთან ერთად დავსახოთ მომავალი მოქმედების გეგმა. არ არსებობს სხვა ძალა, გარდა ხალხისა! მოუთმენლად გელით, გვქონდეს ერთმანეთის იმედი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ENKA Renewables-ს შორის “ნამახვაჰნესის” მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვეტილია. ENKA-ს 2021 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ მათ აღნიშნულის გამო, პროექტზე დახარჯული 40 მილიონი დოლარი უკვე ჩამოწერეს. ENKA-მ 2021 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ “ფორს-მაჟორის” გათვალისწინებით საინვესტიციო ხელშეკრულებას გაწყვეტდა, რასაც მოყვა მთავრობის განმარტება, რომ ხელშეკრულების შენარჩუნების მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებდნენ. როგორც ENKA-ს ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობამ ვერ დაარწმუნა კომპანია, რათა კონტრაქტი შენარჩუნებულიყო.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. მთავრობამ გამოაცხადა “მორატორიუმიც” და კომპანიას გარკვეული პერიოდით კაშხლის მშენებლობის დაწყებაც აუკრძალა. აქედან რამდენიმე თვეში ENKA-მ ფორს-მაჟორის და კონტრაქტის პირობების დარღვევის შესახებ განაცხადა და ხელშეკრულების გაწყვეტისთვის დაიწყო მზადება.