მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია Geofresh-მა მოცვი წელს ექსპორტზე დუბაიშიც გაიტანა

61063b9890d22
მარიამ იზორია
01.08.21 13:40
1807
მოცვის მწარმოებელ კომპანია Geofresh-ს მოსავლის დაახლოებით 80% ექსპორტზე გააქვს. კომპანიის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთია, თუმცა Geofresh-მა წელს პირველად 3 ტონა მოცვი დუბაიშიც გაყიდა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი სალომე ყველიაშვილი bm.ge-სთან ამბობს, წლევანდელი მოსავლის მოცულობამ 60 ტონა შეადგინა, რომლისგანაც ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე, ნაწილი ექსპორტზე, რუსეთში, დუბაისა და უკრაინაში რეალიზდა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ პესტიციდებთან დაკავშირებით იმპორტირებულ ხილზე მოთხოვნების გამკაცრების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, რუსეთის ბაზარზე შეფერხება არ ჰქონიათ, თუმცა, ამან სეზონის ბოლოს ფასის კლება დააჩქარა.

„წელს პირველად 3 ტონა მოცვი დუბაიში გავიტანეთ, 4-5 რეისის გაკეთება მოგვიწია, გასვლას ვაპირებდით მალაიზიაშიც, თუმცა, ვერ მოვასწარით. რუსეთშიც ექსპორტი შეუფერხებლად განვახორციელეთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბაზარი არც თუ ისე სანდოა, ნელ-ნელა ახალი ქვეყნების მოძიებას ვცდილობთ, ამ მიზნით წლების წინ უკრაინაში შეჩერებული ექსპორტი წელს განვაახლეთ, შემდეგი სეზონისთვის კი ორიენტირებულები ევროპაზეც ვიქნებით, რაც შეეხება ფასებს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რუსეთთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ ფასის კლება დააჩქარა, რუსეთში 1 კგ მოცვი $8-ად, დუბაიში $9-10-ად გავყიდეთ“- განმარტავს სალომე ყველიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე 916 ტონა მოცვი გავიდა, რომლის ღირებულებამ 5.411 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 269 ტონით, ხოლო ღირებულება 1.685 მლნ დოლარითაა გაზრდილი.