მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია: "ქართული ორნამენტი: გვსურს, პროდუქციის გაყიდვა შევძლოთ Amazon-ზე,Ebay-ზე

5e2c53b92f138
ნუცა ბაზლიძე
26.01.20 12:00
5119
შპს „ქართული ორნამენტი“, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ეროვნული ორნამენტების გაცოცხლებას და ეროვნული თემატიკის პოპულარიზაციას, საქართველოში ქმნის ქალის ყელსახვევებსა და თავსაბურავებს, რომლებიც ბაზარზე „მანდილის“ სახელით გვხვდება.

„უშუალოდ ჩვენი ჩართულობით გრაფიკულად ვამუშავებთ მოძიებულ მასალებს -ეროვნული ორნამენტების ნიმუშებს და შემდეგ, მათი თანამედროვე სტილში გარდაქმნით ვამზადებთ აქსესუარებს. ვიყენებთ ფოტომასალას, რომელიც ჩვენივე გადაღებულია. აქსესუარს თან ახლავს მოკლე ინფორმაცია გამოყენებული ორნამენტის/ფოტომასალის შესახებ და ასევე, ბრენდირებული შეფუთვა“, - განუმარტა BM.GE-ის კომპანიის თანადამფუძნებელმა ირაკლი გვასალიამ.

კომპანიის დამფუძნებლები გრაფიკოსი გიორგი ჭიკაძე და ვიდეოგრაფი, ფოტოგრაფი ირაკლი გვასალია არიან, რომლებსაც გაუჩნდათ სურვილი, თავიანთი შესაძლებლობები და ხედვა ქართულ თემატიკაზე შექმნილ კრეატიულ ნამუშევრებში გამოეხატათ.

კომპანიის თანადამფუძნებლის განმარტებით, საზოგადოების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია და ისინიც მუდმივად ცდილობენ, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

„პროდუქტის რეალიზება პირველად 2019 წლის 8 ოქტომბერს, თბილისობის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მოხდა. ამ ეტაპზე, ჩვენი პროდუქცია საქართველოს მასშტაბით იყიდება. გვაქვს შეკვეთები სხვადასხვა რეგიონიდან, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ინტერესს უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც გამოხატავენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც ჩვენი მანდილი საზღვარგარეთ საჩუქრად მიაქვთ. ასევე, გვაქვს კორპორატიული შეკვეთები სხვადასხვა კომპანიისგან“, - აღნიშნა ირაკლი გვასალიამ.

ამასთან, როგორც გვასალიასგან შევიტყვეთ, კომპანიას ამ ეტაპზე მაღაზია არ აქვს, თუმცა მათი სტენდი ხშირად არის წარმოდგენილი თბილისური ბაზრის (Tbilisi Street Market) სავაჭრო სივრცეში, ასევე, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ გაყიდვების მეშვეობით ( Mandili • მანდილი; Instagram - mandili_official). იგი ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„ვიაზრებთ, რომ ამ სფეროში არის კონკურენცია, თუმცა ჩვენი სპეციფიკის გათვალისწინებით, ჩვენს კომპანიას აქვს თავისი გამორჩეული ნიშა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბიზნესის ამ მიმართულებით განვითარებას საფრთხე არ ემუქრება. პროდუქციის ფასი 30 ლარია, რაც ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია. სამომავლოდ, გვინდა, ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა. ასევე, ვგეგმავთ, აქსესუარების მამაკაცების ხაზის შექმნასაც. გვსურს, განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი და პროდუქციის გაყიდვა შევძლოთ ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Amazon, Ebay, Etsy“, - დასძინა კომპანიის წარმომადგენელმა.