20.მარტი .2022 14:41

კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ ყველის საწარმოს ხსნის - ინვესტიცია $0.5 მლნ-ია

კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ ყველის საწარმოს ხსნის - ინვესტიცია $0.5 მლნ-ია
views 2074
უკან

„ქართული რძის პროდუქტები“ 2022 წლის ბოლოსთვის ყველის საწარმოს გახსნას გეგმავს. საწარმო ფონიჭალაში, 500 კვადრატულ მეტრზე განთავსდება და მასში 0.5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

„ჩვენ ამ ეტაპზე არაჟანს, რძეს და სულგუნს ვაწარმოებთ, თუმცა წლის ბოლოსთვის უკვე არსებული საწარმოს ტერიტორიაზე ცალკე ყველის საწარმოს გახსნასაც ვგეგმავთ, რომელშიც ინვესტიციას საკუთარი სახსრებითა და სხვადასხვა ფონდების დახმარებით განვახორციელებთ. დაახლოებით 0.5 მლნ დოლარზეა საუბარი. საწარმო რამდენიმე სახეობის ქართულ ყველს დაამზადებს, როგორებიცაა სულგუნი, იმერული, ქარხნული, დავარგებული ყველი და ა.შ. დღეში დაახლოებით 3-4 ტონა ყველის წარმოებაზეა საუბარი", - უთხრა BM.ge-ს „ქართული რძის პროდუქტების“ დამფუძნებელმა გიორგი ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, ბოლო 3 წელიწადში კომპანიის წარმადობა და გაყიდვები ოთხჯერ გაიზარდა, რაც დღიურად 30-40 ტონა რძის გადამუშავებას გულისხმობს.

"სეზონის გათვალისწინებით თვიური ბრუნვა 2.5-დან 3 მლნ ლარამდეა. 2022 წელს ველით, რომ წლიური ბრუნვა 36 მილიონი ლარი იქნება“, - აღნიშნა გიორგი ლიპარტელიანმა.

კომპანიაში პროდუქციის დასამზადებლად გამოყენებული ნედლეულის 90% იმპორტზე, ხოლო 10% ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებულ ნედლ რძეზე მოდის. ნედლეულის იმპორტი კი ძირითადად ბელორუსიიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ხორციელდება.

„ქართული რძის პროდუქტები“ ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს, რომელიც თავდაპირველად „ნატურალ პლიუსის“ სახელით ფუნქციონირებდა, შემდეგ რამდენჯერმე მოხდა კომპანიის რებრენდინგი. ამჟამად „ქართული რძის პროდუქტების“ პროდუქცია ბაზარზე „რძისამე“-სა და „სვანურის“ ბრენდის ქვეშ იყიდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა