მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია, რომელიც NTF ბოტასით თქვენს ნაცვლად "ირბენს"

6278f51310eea
მარიამ ადამია
09.05.22 15:28
7813
ბოლო დროს ქუჩაში ნახავთ ბევრ ადამიანს, რომელიც დარბის ან ჩქარი ნაბიჯებით გადაადგილდება. მათი უდიდესი ნაწილი, გარდა იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, ასევე STEPN თამაშის დახმარებით, ფულსაც გამოიმუშავებს.

პარალელურად, საქართველოს ბაზარზე სტარტაპ-კომპანიებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ადამიანებს ციფრული ბოტასის შეძენაში, რეგისტრაციასა და/ან ფულის გამომუშავებაში ეხმარებიან. მათ შორის ერთ-ერთი Step'n runner-ია, რომლის დამფუძნებელი ნიკოლოზ ყაჯრიშვილი BMG-ისთან ამბობს, რომ ახლადდაფუძნებულ კომპანიაში ყოველდღიურად ათასობით შეტყობინება შედის და იზრდება იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც აპლიკაციის დახმარებით ფულს გამოიმუშავებენ.

„ბევრს უნდა NFT-ბოტასის შეძენა და საიტზე დარეგისტრირება, თუმცა აწყდებიან პრობლემას. რთულია თანხის შეტანა, შემდეგ სწორი ბოტასის შერჩევა, რასაც ამ კონკრეტული თამაშის შემთხვევაში, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ კომპანიის შექმნა და ნებისმიერ ადამიანს მცირე თანხის სანაცვლოდ, ვეხმარებით, რომ უმაღლეს მოგებაზე გავიდნენ,“ - განაცხადა ნიკოლოზ ყაჯრიშვილმა.

გარდა ამისა, Step'n runner მომხმარებელს სირბილშიც ეხმარება. სისტემა ასე გამოიყურება - მიგაქვთ აპლიკაცია ლისის ტბაზე, სადაც თქვენს ნაცვლად სხვა დარბის და შესაბამისად, ფულსაც გამოიმუშავებს. მომსახურების ღირებულება კი, 30 ლარია.

"ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სირბილის დრო, ან შესაძლებლობა, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და უნდა თამაშში ჩართვა, დაგვიკავშირდებიან და ჩვენ დავრბივართ მათ ნაცვლად. ამისთვის გვყავს სპორტსმენები, რომლებსაც ერთ ტემპში, მუდმივად შეუძლიათ სირბილი, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს გამომუშავების პროცესში", - განმარტავს Step'n runner-ის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის: თამაში ავსტრალიური გუნდის მიერ 2021 წლის ნოემბერში შეიქმნა და 5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დაფინანსება მოიზიდა. ახლა ის მილიარდ დოლარად არის შეფასებული. თამაშის დასაწყებად კი, პირველ რიგში, ბოტასის შეძენაა საჭირო, ხოლო ყოველდღიურად დარიცხული ენერგიებით, შეძლებთ სიარულს, ან სირბილს და შესაბამისად, ფულის გამომუშავებას, თუმცა თანხის რაოდენობა დამოკიდებულია NFT ფეხსაცმლის ხარისხზე და ტიპზე.

ბოტასების ღირებულება 1500-დან 2000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

STEPN 'NFT ბოტასი' მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საქართველოშია - Google Trends