მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია „ვოთერლენდმა“ $3 მილიონის ინვესტიციით ლიმონათის საწარმო აამოქმედა

6103fbc026518
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.21 19:17
1721
კომპანია „ვოთერლენდმა“, რომელიც ნატახტარში „წყალი გუდაურის“ სახელით მინერალურ წყალს აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს, 3 მლნ დოლარის ინვესტიციით ახალი საწარმო აამოქმედა და ლიმონათი „ჯორჯიას“ წარმოება დაიწყო.

„ვოთერლენდის“ პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების დირექტორი ნანა გოგუაძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ახალი პროდუქტის შექმნის იდეა უცხოელი პარტნიორებიდან წამოსული მოთხოვნის საპასუხოდ შეიქმნა და წარმოების ამოქმედებისთანავე ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე HORECA-სა და პრემიუმ კლასის სუპერმარკეტების ქსელებში რეალიზდება.

„კომპანია „ვოთერლენდი“ „წყალი გუდაური“ ბრენდის სახელით ნატურალური მინერალური წყლისა და გაზიანი სასმელის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით ახორციელებს. სწორედ ჩვენი უცხოელი პარტნიორების თხოვნით, რომლებიც ქართულ ლიმონათს იცნობენ, ჩვენი პროდუქციის პორტფოლიოს გაფართოება გადავწყვიტეთ და ივნისში ჩვენი ლიმონათი ბრენდი „ჯორჯიას“ სახელით დავამზადეთ“, - ამბობს ნანა გოგუაძე.

საწარმო ივნისში ამოქმედდა და მისი დღიური წარმადობა, დაახლოებით, 60 000 ბოთლი ლიმონათია. კომპანიამ პარტნიორებთან ერთად 7 რეცეპტი - მსხლის, ტარხუნის, ფეიხოისა, ლიმონის, ნაღების, საფერავისა და თეთრი ყურძნის გემოებით შექმნა.



„ლიმონათი „ჯორჯიასათვის“ ჩვენს ტერიტორიაზე შეიქმნა ცალკე საწარმო, რომელიც არის აღჭურვილი უახლესი დანადგარებითა და ტექნიკით. ამის გათვალისწინებით, საშუალოდ შესაძლებელია 60 ათასი ბოთლის წარმოება დღეში. წარმოებისთვის, კომპანიამ 3 მილიონი დოლარის კერძო ინვესტიცია გაიღო და დამატებით 25 ადამიანი დაასაქმა, მათ შორის უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი სპეციალისტები.

აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ დიზაინერების მიერ სპეციალურად ჩვენთვის დამზადებულ მინის ორი მოცულობის ბოთლს - 500 მლ და 330 მლ ლიმონათებისათვის, PET ბოთლებთან ერთად.

ვინაიდან, კომპანია განვითარების ეტაპზეა, ზუსტი პროგნოზების დადგენა ძნელია წარმადობასთან დაკავშირებით, თუმცა მოთხოვნამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ბაზრებზე“, - უთხრა BM.GE-ის კომპანია „ვოთერლენდის“ პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების დირექტორმა.

ნანა გოგუაძე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიზანი მაღალი ხარისხის და პრემიუმსეგმენტის პროდუქტის წარმოებაა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება.