მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები 15,000 ლარით დაჯარიმდებიან, თუ მათ საჯარო სივრცეში ყველას პირბადე არ ეკეთება

5e98cc54703f5
შოთა ტყეშელაშვილი
17.04.20 01:11
2548
საქართველოს მთავრობა გეგმავს დააჯარიმოს იურიდიული პირები, თუ მათ ტერიტორიაზე დღეს მიღებული დადგენილების აღსრულება არ მოხდება. საუბარია დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულებაზე. პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე საკარანტინე ზომების მკვეთრად გამკაცრების შესახებ გააკეთა განცხადება.

"ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეებში, პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. შეგახსენებთ, რომ იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით,"- ამბობს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი. 

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მთავრობას მოუწევს სრული კარანტინის გამოცხადება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ასევე მუშაობას აგრძელებს ე.წ „დილივერი სერვისი“. ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ნებართვის მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. მათ ასევე შეუძლიათ, ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ ნომერზე - 144,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე, მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვაზე დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება მედიის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან კომენდანტის საათში გადაადგილების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ ერთიან ელექტრონულ ბაზაში.