მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, რომელთა მფლობელებმაც "ოცნებას" ათიათასობით ლარი შესწირეს

60b0d052bc601
ინგა მურუსიძე
28.05.21 15:12
3523
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2020 წელს კვლევის ფარგლებში შესწავლილმა 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა მთლიანობაში 60,221,705 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, რომლის თითქმის ნახევარი (48.4%) - 29,166,087 ლარი მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოდიოდა. 8,037,276 ლარით მეორე ადგილზე ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ - 8,036,077 ლარით;

პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 77% (46,586,370 ლარი) კერძო შემოწირულებებზე მოდიოდა, 19% (11,314,940 ლარი) – სახელმწიფო დაფინანსებაზე, 4% კი – სხვა ტიპის შემოსავალზე, მათ შორის, კომერციული ბანკიდან მიღებულ სესხზე;

რვა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჯამში 46,586,370 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან დაახლოებით ნახევარი - 23,881,521 ლარი მმართველ პარტიაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველო“ მოდიოდა, 7,975,594 ლარით მეორე ადგილზე იყო „ლელო საქართველოსთვის”, ხოლო მესამეზე 5,740,011 ლარით საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შემავალი პარტიები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს დაახლოებით 158 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.6 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ:

აღსანიშნავია შპს „გ & კ ტექნოლოგი”, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი თებერვალში „ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა.

მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი შპს „ელ ჯორჯიას” შემთხვევაშიც. 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კომპანიის მფლობელმა, ტარიელ გიორგაძემ და დირექტორმა, დიმიტრი კუპატაძემ მმართველ პარტიას მთლიანობაში 101,000 ლარი შესწირეს. იმავე წლის სექტემბერ-დეკემბერში შპს “ელ ჯორჯიამ” ჯამში 26.4 მლნ ღირებულების ოთხი მსხვილი ტენდერი მოიგო. მოგებული ტენდერებისა და განხორციელებული შემოწირულებების თარიღები ერთმანეთთან, ასევე, საკმაოდ ახლოს იყო შპს „ცეკურის”, შპს „გრავიტას” და შპს „ჯი-თი ჯგუფის” შემთხვევებში.

კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს „ლ.და.კ”, რომელმაც 2020 წელს 33.9 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიის ყულაბაში 22,000 ლარი შეიტანეს;

მმართველი პარტიის მსხვილ დამფინანსებლებს შორის იყვნენ შპს „პეის ჯორჯიას” მფლობელიც. ეს კომპანია ფოთის პორტის გაფართოების პროექტს ახორციელებს. 2020 წელს ფოთის პორტის გაფართოების მიწათსარგებლობის ნებართვის მიღებიდან სამ თვეში კომპანიის მეწილეებმა - ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონმა და ირაკლი თათეიშვილმა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჯამში 200,000 ლარი შესწირეს. სხვადასხვა წელს ამ პირებს სულ 670,000 ლარის პოლიტიკური შემოწირულება აქვთ განხორციელებული.

ტენდერების გარდა, მმართველი პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან. კერძოდ, 2020 წელს დაახლოებით 11.7 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2.8 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. აღსანიშნავია შპს „Weekend”, რომლისგანაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2020 წლის 6 აპრილს 1,329,680 აშშ დოლარის (იმ დროისთვის დაახლოებით 4.2 მლნ ლარის) ღირებულების სამედიცინო მოწყობილობები შეისყიდა. 2020 წელს შპს „Weekend”-ის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა და მისმა სამმა ბიზნესპარტნიორმა 30 ოქტომბრიდან - 2 ნოემბრამდე ჯამში 125,000 ლარი გაიღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ;

TI ინფორმაციის შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ წელს „ქართულ ოცნებას” დიდი თანხებით აფინანსებს:

ასეთ ჯგუფებს შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული პირები, რომლებიც 2011 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა წლებში სტაბილურად სწირავენ „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”. 2020 წელს ივანიშვილთან დაკავშირებულმა 22 პირმა ჯამში 634,300 ლარი გაიღო მმართველი პარტიის სასარგებლოდ. იგივე პირებს 2011 წლიდან 3 მლნ ლარზე მეტი პოლიტიკური შემოწირულება აქვთ გაკეთებული. ამ ჯგუფთან დაკავშირებულმა შპს „ზიმომ”, 2020 წელს 9 მლნ ლარამდე ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგო.

მმართველი პარტიის მეორე ტრადიციულად მსხვილი დამფინანსებლების ჯგუფი შპს „ლილო-მოლთან” არის დაკავშირებული. 2020 წელს ამ კომპანიის მფლობელებმა და მათმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” სასარგებლოდ ჯამში 595,000 ლარი გაიღეს. იგივე პირებს სხვადასხვა წელს 2 მლნ ლარზე მეტი აქვთ პოლიტიკური სუბიექტებისთვის შეწირული.

კიდევ ერთ ასეთ ჯგუფში შპს „ბომბორა და ბავშვებთან” პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირები შედიან, რომლებმაც 2020 წელს მმართველ პარტიას ჯამში 255,000 ლარი შესწირეს;

მმართველი პარტიის მსხვილ დამფინანსებლებს შორის იყვნენ შპს „პეის ჯორჯიას” მფლობელებიც. ეს კომპანია ფოთის პორტის გაფართოების პროექტს ახორციელებს. 2020 წელს ფოთის პორტის გაფართოების მიწათსარგებლობის ნებართვის მიღებიდან სამ თვეში კომპანიის მეწილეებმა - ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონმა და ირაკლი თათეიშვილმა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჯამში 200,000 ლარი შესწირეს.